კრიმინალისაქართველო

კომპანიიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცველებმა კომპიუტერები ამოიღეს

კომპანიიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. საქართველოს პირველი არხის ცნობით, ოფისიდან ათობით კომპიუტერი გამოიტანეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები 22 ივლისს დილიდან მიმდინარეობდა.

თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი იყო. 22 ივლისს განცხადება გააკეთა კომპანიის დირექტორმა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მანამდე კი კომპანიის დირექტორმა მიმართვაც გავრცელდა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ გოგონას რაღაც პრობლემა ჰქონდა, ბოლო დღეებში უხასიათოდ იყო, მაგრამ სახლში არ ამბობდა. მამას მიაჩნია, რომ  თამარი თეთრიწყაროში თავისით არ წავიდოდა.

„არ იძახდა სახლში, იმის უბედურებაც ეგ იყო. შეიძლება, რაღაც დავხმარებოდი, შეიძლება, რაღაც პრობლემა ჰქონდა და ზუსტად მაგ საქმემ ჩაითრია. ჩანს, რომ ეს საეჭვო რაღაცები სამსახურიდან მოდის. წინა დღეებში ბავშვი უხასიათოდ იყო, აქ თავისით ბავშვი არ მოვიდოდა, გამორიცხულია“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა კი გამოთქვა ვარაუდი, რომ თეთრიწყაროს ტყეში მანქანა შესაძლოა ახალი მიყვანილიც იყო, როდესაც ის მწყემსმა (სავარაუდოდ, თუმცა უცნობია, ნამდვილადც მწყემსი იყო თუ არა იგი) იპოვა. მისი თქმით, ეს ტყე არ არის ისეთი დაბურული, რომ სამართალდამცველებს, ძებნის შემთხვევაში, მანქანა ვერ შეემჩნიათ.

ადგილი, სადაც 23 წლის ახალგაზრდა ქალი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს; მზია საგანელიძის ფოტო. „რადიო თავისუფლება“.

კითხვაზე, ფიქსირდება თუ არა ადგილზე სხვა მანქანის კვალი, ადვოკატი აცხადებს, რომ გადაღებულია ყველანაირი კვალი და ყველაფერი შესაძლებელია.

„წინასწარ ვერ გეტყვით, სად მოხდა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილის ავტომობილში იყო წერილებიც, თუმცა რა შინაარსის, ამას არ აკონკრეტებს.

„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. მრავალი ვერსია არის… ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა. დეტალურად, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების, კვალის ამოღება, დალუქვა. წამლები, რაც იქნა ამოღებული, რაც ნაპოვნია ჩანთაში. …ბევრი კითხვა მაქვს“,- უთხრა ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიას მას შემდეგ, რაც თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ავტომობილიდან მისი გვამი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს სამხარაულის ბიუროში.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და სურს, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთოს – წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ უკრაინელი თანამშრომელი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმოშინა. მისი პროფესიული სერტიფიკატი საქართველოში აღიარებული არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს “ემპათია” სერტიფიკატის აღიარების მოთხოვნით, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროდან ოჯახში 23 ივლისს, დილას გადაასვენებენ.

„ექსპერტები იტყვიან, რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება. ცოტა დრო მჭირდება, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული. დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი. მანქანა როგორ შემოვიდა, საბურავის კვალი, ეს ნიმუშები აღებულია, მერე რომ არ განადგურებულიყო. მერე რომ არ გაჩნდეს კითხვები და განადგურდეს ადგილები, მე თავიდანვე ავიღე ეს კონტროლი (ცუდი გაგებით არავინ გაიგოს), ყოველი შემთხვევისთვის კვალი ავიღე. მანქანაში მობილური ტელეფონი იყო“, განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შემთხვევის ადგილიდან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა და გვამი იპოვეს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გავიდა ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი მანქანით და სახლში აღარ დაბრუნებულა. 22 ივლისს დილით გოგონა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა შესაძლო ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. ამ დროისთვის საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close