fbpx
კრიმინალისაქართველო

5 დღის ჩვილს 5000 აშშ დოლარად ყიდდნენ

ბორის ძაძამია ის პირია, რომელიც 5000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ 5 დღის ჩვილის მისაკუთრებას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, წინასწარ განზრახული გეგმის მიხედვით, ახალშობილი ქვეყნიდან უნდა გაეყვანათ. ოფიციალური ვერსიით, დანაშაულში მონაწილე პირები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ იუსტიციის სახლში ბავშვს ბიოლოგიური მამის ნაცვლად მყიდველის გვარი მიენიჭებოდა, რომლითაც საზღვარს გადაკვეთდა. ამის შემდეგ, დანაშაულის გაცხადების შემთხვევაში, გამოძიებას კვალი აერეოდა.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ცოლ-ქმარმა დუშეთი, სადაც უკვე სამი წელია ცხოვრობენ, 18 ივნისს დატოვა. მათ წინასწარვე უთხრეს მეზობლებს, რომ ახალშობილით არ დაბრუნდებოდნენ, რადგან ბავშვს აღსაზრდელად ბებიასთან დატოვებდნენ. ეს სცენარი ადგილობრივებისთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო, რადგან, როგორც ირკვევა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაკავებული ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, შვილით ვაჭრობის საქმეში ფიგურირებს. „კურიერს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ ქალმა ერთი წლის წინაც გააჩინა შვილი, რომლის ბედიც მას შემდეგ აღარავის მოუკითხავს.

შვილით ვაჭრობის საქმეზე ოპერატიული ინფორმაცია გამოძიებამდე ოჯახის ახლობელმა მიიტანა. სწორედ მან განახორციელა შემდგომ ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც, გადაიღო ფარული ვიდეო, რომელიც ასახავს ფაქტს – როგორ იღებს დედა შვილის დათმობის სანაცვლოდ 5000 დოლარს.

ვიდეო გადაღებულია რამდენიმე საათის შემდეგ, რაც დედამ ჩვილთან ერთად სამშობიარო დატოვა. ისინი საავადმყოფოდან 22 ივნისს გაწერეს. შესაძლო დანაშაულის შესახებ სამშობიაროში მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა გამომძიებლებმა ადმინისტრაციისგან პაციენტის ისტორია გამოითხოვეს.

ჩვილი, რომლის გაყიდვაც დააპირეს, ამჟამად სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა.

დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამძიმდება თუ არა მუხლი, ეს იმაზეა დამოკიდებული, დაუდგინდებათ თუ არა მშობლებს, რომ ანალოგიური დანაშაული რამდენჯერმე ჩაიდინეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close