ფსიქოლოგია

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფერები

მეცნიერთა მტკიცებით, ფერები სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანზე და, განწყობის გარდა, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შეცვლაც შეუძლია.

ჯერ კიდევ 1947 წელს შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა მაქს ლიუშერმა შექმნა ფერების ტესტი, რომელიც პიროვნების ფსიქოლოგიურ სტრუქტურას განსაზღვრავს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი მეცნიერებმა ელექტროფიზიოლოგიური კვლევებით დაადასტურეს, რომ ფერებს ჩვენი ტვინის ნაწილი – ჰიპოთალამუსი აღიქვამს. ის მართავს ჩვენს ფსიქიკურ და ვეგეტაციურ რეაქციებს და ბევრ შექცევად პროცესს აკონტროლებს, ამიტომაც ფერის გავლენა ორგანიზმზე იმაზე სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. არსებობს ალტერნატიული მედიცინის მიმართულებაც – ფერთა თერაპია.

კარგი განწყობისა და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად წითელი ფერის ტანსაცმელია კარგი. აუცილებელი არ არის, მთლიანად წითლად ანათებდეთ. ისიც საკმარისია, ამ გამის მკვეთრი ფერის აქსესუარი (ჰალსტუხი, ხელჩანთა, შარფი…) გამშვენებდეთ.

თუ გაღიზიანებული, გადაღლილი ხართ და უმადობასაც უჩივით, ყვითელ ფერს ენდეთ. ყვითელი ბუნებრივ ენერგეტიკებს მიეკუთვნება. კარგი იქნება, თუ თქვენს სამუშაო კაბინეტში დაკიდებთ რეპროდუქციებს ყვითელი ფერებით (მაგალითად, ვან გოგის „მზესუმზირებს“).

თუ ბონქული ასთმა ან ბრონქიტი გაწუხებთ, გამოიღეთ თქვენი გარდერობიდან ნარინჯისფერი სამოსი.

გული გაწუხებთ? თავი გისკდებათ? თვალები ძალიან გეღლებათ? – თქვენს სამოსს მწვანე ფერი აკლია.

კანის პრობლემები გაქვთ? – ხშირად ჩაიცვით ცისფერი ტანსაცმელი. თუ ბინაში ხმაური და უჰაერობაა, კარგი იქნება საძინებლის ცისფრად შეღებვა. კუჭ-ნაწლავის პრობლემებს ლურჯი ფერი მოგიგვარებთ, სურდოს მოშორებაში კი ვარდისფერი დაგეხმარებათ.

სიცივის გამო თირკმელებმა შეგაწუხათ? – იასამნისფერი ტანსაცმელი არ გაწყენდათ. ზამბახისფერს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

ისე კი, ფერების შესარჩევად თავი რომ არ იმტვრიოთ, გაეხვიეთ ჭრელა-ჭრულა სამოსში, რომელიც ზაფხულს განსაკუთრებით უხდება და იყავით მშვიდად – არც ნერვები მოგეშლებათ და არც თავი გეტკინებათ. აი, თქვენი დანახვით სხვები რა ხასიათზე დადგებიან, ამაზე ნუ ინაღვლებთ – ეს მათი პრობლემაა.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close