fbpx
იტალიასაზოგადოება

დღეიდან მთელ იტალიაში ამუშავდა აპლიკაცია კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტების დასადგენად

როგორ უნდა გადმოიწეროთ და როგორ მუშაობს Immuni?

დანართი/აპლიკაცია, რომლის მიზანია შეატყობინოს ადამიანს, თუ იმყოფებოდა სარისკო კონტაქტში კორონავირუსით ინფიცირებულთან, 15 ივნისიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე მუშაობს.

აპლიკაცია სახელწოდებით Immuni ხელმისაწვდომია Apple-ში App Store-ზე (უბრალოდ, შედით მაღაზიაში და იპოვეთ ის, თუ iPhone-ი გაქვთ, ან დააჭირეთ აქ და გადმოწერეთ) და Google Play-ში Android სისტემის მქონე სმარტფონებისთვის (გადმოწერეთ აქედან). როდესაც გადმოწერთ და დააინსტალირებთ, ამის შემდეგ აპლიკაცია დაიწყებს შეხვედრების რეგისტრირებას (ანონიმურად) იმ ადამიანებს შორის, რომლებიც უკვე არიან აპლიკაციის მომხმარებლები.

არსებობს საიტი (immuni.italia.it) და ტელეფონის ნომერი (800912491, ზარი უფასოა) მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს აპლიკაციის გადმოწერასთან დაკავშირებით და რჩევა ან დახმარება სჭირდება.

როგორ მუშაობს?

როდესაც ადამიანს უსვამენ დიაგნოზს: „კორონავირუსით ინფიცირება“, მას ეკითხებიან, გადმოწერა თუ არა აპლიკაცია „იმუნი“ (2,5-მა მილიონმა იტალიელმა უკვე დააინსტალირა ის თავის სმარტფონში) და თუ უნდა, რომ წარმოადგინოს განბლოკვის კოდი (ამ კოდს თავად აპლიკაცია აგენერირებს და მხოლოდ ტელეფონის მფლობელისთვის არის ცნობილი). თუ ინფიცირებული ადამიანი თანახმაა, რომ კოდი წარადგინოს, მას მედიცინის მუშაკები გამოიყენებენ, რათა დაიწყონ შეტყობინებების გაგზავნა მათთვის, ვის სმარტფონშიც Immuni უკვე მუშაობს, თუ ისინი გასული 14 დღის მანძილზე 2 მეტრის დაშორებით ან უფრო ახლო მანძილზე იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანთან 15 წუთის განმავლობაში.

აპლიკაცია იტალიის ინოვაციებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა შეარჩიეს და მილანურმა კომპანია Bending Spoons-მა დაამუშავა Apple-ისა და Google-ის სისტემებისთვის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი პროცესი დაფუძნებულია ტელეფონის მფლობელის სურვილზე და ნებაყოფლობით მოქმედებაზე: აპლიკაციის ჩამოტვირთვიდან ზოგადი პრაქტიკის ექიმთან დაკავშირებამდე იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ რისკის ქვეშაა.

რა თქმა უნდა, „იმუნის“ მოწინააღმდეეგეებიც გამოუჩნდნენ – ვენეტოს და ფრიული ვენეცია ჯულიას რეგიონების პრეზიდენტები. „ეს აპლიკაცია მხოლოდ უმართავ ბაბილონს ქმნის, სადაც მოქალაქეებმა არ იციან, რა გააკეთონ და რა – არა“, – ასე შეაფასა აპლიკაცია ვენეტოს პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ.

ციცი ხაბელაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close