კინო/ფილმებისაზოგადოება

8 „ოსკარის“ მფლობელი ფილმი „ქარწაღებულნი“ ონლაინ კინოთეატრმა თავისი კატალოგიდან ამოიღო

კინოკლასიკა „ქარწაღებულნი“ ონლაინ კინოთეატრმა HBO Max-მა თავისი კატალოგიდან ამოიღო. ამის მიზეზად კომპანიამ ფილმის რასისტული კონტექსტი დაასახელა.

ამერიკაში მიმდინარე რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე  ამ მოთხოვნით ასევე ოსკაროსანი (2014 წ.) ფილმის „მონობის 12 წელი“ სცენარისტი ჯონ რიდლი გამოვიდა. მისი განცხადებით, „ფილმში რომანტიზებულია მონობის საშინელება“.

HBO Max-ში ამბობენ, რომ ფილმს სამომავლოდ ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირებით ინფორმაციას დაურთავენ და კატალოგში დააბრუნებენ.

„ქარწაღებულნი“ კლასიკაა, თუმცა შეიცავს დისკრიმინაციის უამრავ დეტალს რასიზმის შესახებ, რაც, სამწუხაროდ, იმ პერიოდის ამერიკული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყოს. ეს ყველაფერი დღეს მიუღებელი და არასწორია, სწორედ ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ფილმი კატალოგს მალე დაუბრუნდება, თუმცა სწორედ ამ ფილმს გამოვიყენებთ რასიზმის ისტორიული კონტექსტის გააზრებისა და განხილვისთვის“, – ამბობენ კომპანიაში.

8 „ოსკარის“ მფლობელი ეპიკური ფილმი „ქარწაღებულნი“ 1939 წელსაა გადაღებული მარგარეტ მიტჩელის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით. ის ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი ფილმი გახდა და აშშ-ის კინოაკადემიის რეკორდული რაოდენობის „ოსკარიც“ აქვს მიღებული.

კინოსურათში მოვლენები სამოქალაქო ომის პერიოდში,1860-იანი წლების ამერიკის კონფედერაციულ შტატებში ვითარდება. ოსკაროსან ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის მაშინდელი ვარსკვლავები – ვივიენ ლი (სკარლეტ ო’ჰარა) და კლარკ გეიბლი (რეტ ბატლერი) ასრულებენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close