fbpx
მედიცინაიტალიასაზოგადოება

იტალიელმა ქალმა თავის ტვინის ოპერაციის დროს ზეთისხილის 90 ფარშირებული ბურთულა მოამზადა

60 წლის იტალიელმა ქალმა აბრუცოდან თავის ტვინის მარცხენა საფეთქლის წილიდან სიმსივნის ამოღების ოპერაციის დროს ზეთისხილის ფარშირებული ბურთულები მოამზადა.

ოპერაცია ანკონის (მარკეს რეგიონის დედაქალაქი) რიუნიტის საავადმყოფოში (Ospedali Riuniti di Ancona) ჩატარდა ნეიროქირურგ რობერტო ტრინიანის ხელმძღვანელობით. პაციენტმა, ქირურგების თხოვნით, ოპერაციის მსვლელობისას ერთ საათში ზეთისხილის 90  ფარშირებული ბურთულა მოამზადა. ამის შესახებ CBS წერს.

რობერტო ტრინიანი რიუნიტის საავადმყოფოში ნეიროქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მან 60 ანალოგიური ოპერაცია ჩაატარა, როდესაც პაციენტებს ქირურგიული ჩარევის დროს არ ეძინათ და რაიმე სახის დავალებას ასრულებდნენ.

„ეს გვეხმარება, ვაკონტროლოთ პაციენტი, სანამ ტვინის ფუნქციებში ვერევით და ჩვენი მოქმედებები ზუსტად განვსაზღვროთ“, – განაცხადა ქირურგმა.

ჯანმრთელ ქსოვილზე მინიმალური ზიანის მიყენების და ქირურგიული ჩარევის კალიბრირების მიზნით პაციენტს შეიძლება კითხვები დაუსვან, ან რაიმე აქტივობაში ჩართვა სთხოვონ, როგორიცაა, მაგ., ანიმაციური ფილმის ყურება, ვიოლინოზე ან გიტარაზე დაკვრა და ა. შ.

პაციენტის მიერ შესრულებული დავალება ირჩევა ტვინის იმ ნაწილის მიხედვით, რომელზეც ოპერაცია ტარდება. ზეთისხილის ტრადიციული კერძის მომზადების შემთხვევაში ეს იყო ტვინის უბანი, რომელიც მეტყველებაზე, აგრეთვე, სხეულის მარცხენა ნახევარში რთული მოძრაობების შესრულებაზეა პასუხისმგებელი.

ქირურგ ტრინიანის განცხადებით, აღნიშნულ ოპერაციაში, მისი ჩათვლით, 11 ექიმი იყო ჩართული, ოპერაცია 2,5 საათს გაგრძელდა და კარგად ჩაიარა.

მანანა ბანძელაძე

p. s. ზეთისხილის ფარშირებული ბურთულები „ასკოლის“ სტილში ცენტრალური იტალიის მარკეს რეგიონის სამზარეულოს ტრადიციული კერძია. კურკაგამოცლილ მწვანე ზეთისხილებში შეკმაზულ ხორცის ფარშს ათავსებენ, ზეთისხილებს ფქვილში, კვერცხსა და პურის ორცხობილის საფანელში ავლებენ და ზეთში წვავენ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close