ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა რეგიონების მმართველებთან ვიდეოკონფერენციის დროს განცხადა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს კვლავ მიმართავს საგანგებო მდგომარეობის 21 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით და ეს იქნება მეექვსე და ბოლო მიმართვა. კონგრესი მიმართვას სამშაბათს განიხილავს და, სავარაუდოდ, დაამტკიცებს კიდეც.
პრემიერის თქმით, ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილება 6 ივნისის შემდეგ კიდევ 2 კვირით შეიზღუდოს.
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს დაწესდა და ის უკვე 5-ჯერ გახანგრძლივდა.
შაბათის, 30 მაისის მონაცემებით, ესპანეთში ერთ დღეში კოვიდ-19-ის 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 286 308 შემთხვევაა დაფიქსირებული და ამ მაჩვენებლით ესპანეთი მე-4 ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ. სულ ვირუსით ქვეყანაში 27 125 ადამიანი გარდაიცვალა – ამ მაჩვენებლით ესპანეთი მე-6 ადგილს იკავებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ბოლო რამდენიმე დღეა მკვეთრად შემცირდა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა „ელ პაისი ავრცელებს“, 27 მაისს კოვიდ-19-ით მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 28 მაისსაც – ერთი, 29 მაისს – 2, 30 მაისს კი – 4. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ 43 ადამიანია გარდაცვლილი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით.
ესპანეთში კორონავირუსის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად 27 მაისს 10-დღიანი გლოვა გამოცხადდა, 6 ივნისამდე.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები