fbpx
მსოფლიოტექნოლოგიები

Space-X-ის ხომალდი „დრაგონი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა (ვიდეო)

კოსმოსური ხომალდი „დრაგონი“, რომლის ბორტზეც ნასას ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი იმყოფებიან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით შეუპირაპირდა. 

ხომალდის მიერთება, როგორც იგეგმებოდა, ავტომატურ რეჟიმში მოხდა, ასტრონავტების ჩარევა მხოლოდ რაიმე პრობლემის წარმოქმნისას გახდებოდა საჭირო, თუმცა პრობლემა არ დაფიქსირებულა და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისაღწევად ხომალდს 19 საათი დასჭირდა. „დრაგონის“ მიერთების დროს სადგური ორბიტაზე დედამიწის ზედაპირიდან 421 კმ სიმაღლეზე მოძრაობდა. შეპირაპირების შემდეგ ჯგუფი ხომალდში წნევას აბალანსებს და მოსამზადებელ სტანდარტულ სამუშაოებს აწარმოებს, რის შემდეგაც ასტრონავტები კაფსულიდან სადგურში შევლენ.

ბენკენი და ჰერლი ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ასტრონავტები არიან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის მიწიდან, ამერიკული რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც კოსმოსური შატლის მისია დაიხურა, ნასა თავის ასტრონავტებს სადგურზე რუსეთის რაკეტა „სოიუზით“ გზავნიდა ბაიკონურის კოსმოდრომიდან.

ნასას ასტრონავტებს კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტი კრის კასიდი და რუსი კოსმონავტები – ანატოლი ივანიშინი და ივან ვაგნერი ელოდებიან.

გაფრენამდე ასტრონავტებმა 2 კვირა კარანტინში გაატარეს, რათა შემთხვევით ვირუსი SARS-CoV-2 კოსმოსურ სადგურზე არ ჩაეტანათ. აგრეთვე, სტარტამდე ჰერლსა და ბენკენს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

რამდენ ხანს დარჩებიან ამერიკელი ასტრონავტები საერთშორისო კოსმოსურ სადგურზე, ჯერჯერობით უცნობია.

ხომალდი „დრაგონი“ უკან დაბრუნებისას ავტომატურ რეჟიმში მოსცილდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. დედამიწაზე ის ფლორიდის სანაპიროსთან ახლოს, წყალში ჩაეშვება, საიდანაც ასტრონავტებს კენედის კოსმოსურ ცენტრში გადაიყვანენ.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო

პროცესს შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი.

ილონ მასკის ხომალდი „დრაგონი“, ორ ასტრონავტთან ერთად, წარმატებით გაფრინდა კოსმოსში „კანავერალის კონცხიდან“ (ვიდეო)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close