საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გასულ 24 საათში ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში დღეს COVID-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 81 წლის მამაკაცი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.

ექიმების თქმით, ხანდაზმულ მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკა „მედალფაში“ ეს კოვიდ-19-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით კი – მე-11.

რაც შეეხება ინფიცირების მთლიან მაჩვენებელს, საქართველოში ამ დროისთვის SARS-CoV-2-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, გასულ ერთ დღეში ეს მაჩვენებელი 3-ით გაიზარდა. ზოგადად, ბოლო რამდენიმე დღეა, ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება, 6 მაისიდან დღემდე სულ 34 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი და თითქმის ყველა მათგანი უკვე არსებულ შემთხვევებთან კავშირშია: 6 მაისს დადასტურდა 5 ახალი შემთხვევა, 7 მაისს – 6, 8 მაისს – 8, 9 მაისს – 3, 10 მაისს – 9, ხოლო დღეს, 11 მაისს – 3.

რაც შეეხება გამოჯანმრთელების მაჩვენებელს, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 317 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა რეალურად პიკურ პერიოდში იმყოფება, არსებული მონაცემები დამაიმედებელია.

„მონაცემებს თუ შევხედავთ, უკვე თითქმის კვირაზე მეტია, მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს. თუ ასე გაგრძელდება – პიკის პერიოდში ვართ – შეიძლება შემდეგ ითქვას, რომ გადალახულია. ამაზე წინასწარ მტკიცებითში ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ იმედი არის, რომ ასე შეიძლება განვითარდეს სცენარი“, – განაცხადა ეზუგბააიმ.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად მოსახლეობამ სიფრთხილე არ უნდა დაივიწყოს.

SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა, COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა.

საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით დაღუპული 11 პაციენტიდან ყველაზე ახალგაზრდა 8 მაისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი 45 წლის ქალია, ყველაზე ხანდაზმული კი – 86 წლის ქალი.

მთლიანობაში, გარდაცვლილთაგან 7 ქალია, 4 მამაკაცი. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანს თანხმლები პათოლოგიები აღენიშნებოდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close