fbpx
ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

ბელარუსში გამარჯვების დღის აღსანიშნავად აღლუმი ჩატარდა, პანდემიის მიუხედავად (ვიდეო)

ბელარუსმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნა, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად.

ბელარუსმა, როგორც ცნობილია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ შემოიღო მკაცრი და მასშტაბური შეზღუდვები პანდემიის წინააღმდეგ, ხოლო მისმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პანდემიას „ფსიქოზი“ უწოდა.

„ბელარუსი ამ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს ასეთ რთულ დროს, თუმცა ამჟამინდელი სიძნელეები ფერმკრთალდება იმ სირთულეებსა და დანაკარგთან შედარებით, რომლებიც ყავისფერი ჭირისგან მსოფლიოს გადამრჩენელმა გმირმა თაობამ გადაიტანა… დაე, ბელარუსის თავზე ცა ყოველთვის მშვიდობიანი იყოს“, – განაცხადა ლუკაშენკომ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას.

აღლუმს ათასობით მაყურებელი დაესწრო. ადგილზე 167 საპოლიციო პუნქტი იყო გამართული. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნიღაბი არავის უკეთია, არც ოფიციალურ პირებს და არც აღლუმის მონაწილეებს. რამდენიმე დღის წინ ლუკაშენკომ სხვა ქვეყნების ლიდერები აღლუმზე დასასწრებად მიიწვია. რუსეთს ღონისძიებაზე მისი ელჩი წარმოადგენდა.

თავად რუსეთში პანდემიის გამო წელს აღლუმი არ გამართულა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყვავილებით შეამკო უცნობი ჯარისკაცის მემორიალი კრემლის სიახლოვეს. მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი შეზღუდული ღონისძიებების ფარგლებში, წითელ მოედანს 75-მა სამხედრო თვითმფრინავმა გადაუფრინა. რუსეთში ბოლო შვიდი დღეა, ყოველდღიურად ინფიცირების 10000-ზე მეტ ახალ შემთხვევას აღრიცხავენ. დედაქალაქ მოსკოვში კი გარდაცვლილთა რიცხვმა გუშინ 1000-ს გადაჭარბა.

რაც შეეხება ბელარუსს, ამ დროისთვის ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 9,5 მილიონამდეა,  ოფიციალურად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 22052 შემთხვევა (+951 გასულ 24 საათში), გარდაცვლილია 126 ადამიანი (+5), გამოჯანმრთელდა 6050 პაციენტი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close