საზოგადოებასაქართველო

„94 წლის ქალი მომარჩინეს, ჩემოტონა ქვაც აღარ დაგორავს“ – კორონავირუსისგან განკურნებული ელინა ბებო (ვიდეო)

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ზე ერთი ოჯახის 8 წევრი მკურნალობს, 4 თაობის წარმომადგენლები – თაგაურების ოჯახი ე. წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებოდა და ინფიცირებულებს გაესაუბრა.

„დიდი მადლობა-თქო, რომ კარგად გამხადეს 94 წლის ქალი, ახლა გამიშვან, ვთხოვ, რომ სახლში გამიშვან… 94 წლის ქალი პატარა ხომ არ ვარ, შვილო,  ჩემოტონა ქვა აღარ გორავს და მე ცოცხალი დავდივარ.

სიცხე არ მქონია, ისე სუნთქვა მიჭირდა, ყელი მტკიოდა რამე და ახლა კარგად ვარ. არაფერი აღარ მიჭირს, არაფერი, ოღონდ ჩემს სახლში წავიდე, მეტი არაფერი არ მინდა“, – ამბობს ოჯახის უხუცესი წევრი, 94 წლის ელინა თაგაური.

მისი ვაჟიშვილის რომან თაგაურის თქმით, პირველად კორონავირუსი მის მეუღლეს, ლიას აღმოაჩნდა, ამის შემდეგ კი ოჯახის სხვა წევრებსაც გადაედოთ.

„მე არც ახლა და არც მაშინ არაფერი მჭირდა. ე მოხუცი კიდე, თავისებური ავადმყოფობა ჰქონდა. ახლა ისე კარგად გაგვხადეს, ისე კარგად გაგვხადეს, რომ ბოდიში და… ლამის გავფრინდეთ, კარგადა ვართ…

…ყველა სახლში ვიყავით, მაგრამ საიდან შემოგვეპარა, აზრზე არ ვართ“, – ამბობს რომან თაგაური.

თაგაურების ოჯახში ყველაზე სერიოზული მდგომარეობა რომან თაგაურის მეუღლეს, 53 წლის ლია თაგაურს ჰქონდა. მისი თქმით, როდესაც სუნთქვა გაუჭირდა, სასწრაფო გამოიძახა. ექიმების ვარაუდი ტესტმა დაადასტურა…

„თავიდან მაციებდა, მეგონა გაციებული ვიყავი და სახლში სითბოში ვიყავი. მერე დამეწყო ღებინების შეგრძნება. ვერაფერს ვჭამდი, მადა საერთოდ აღარ მქონდა. პირში მქონდა სიმწრის გემო. მერე მესამე-მეოთხე დღეს სიცხე მომცა. მაწვებოდა აი ასე ყელში რაღაც, მგუდავდა და გამოვიძახე სასწრაფო. კორონაზე როცა ავიღე ანალიზი, მეორე დღეს მოვიდა პასუხი, რომ დადებითია თქვენი ანალიზიო. ამასობაში გავხდი ცუდად. საიდან და როგორ დავინფიცირდი, გენაცვალე, ამას ვერა ვხვდები, არ ვიცი“, – იხსენებს თაგაური.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close