ეკონომიკასაქართველო

ნათია თურნავა: მოლაპარაკებები მიმდინარეობს „აირზენასთან“, სულ მცირე, ორი მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენაზე

ასევე ინფორმაციას ელოდებიან „ვიზეარისგან“, სად შეიძლება პირველ ეტაპზე ფრენების განახლება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოდან, სულ მცირე, ორი მიმართულებით ფრენების აღდგენაზე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „აირზენასთან“, ასევე ინფორმაციას ელოდებიან „ვიზეარისგან“.

„პირველი და შედარებით მარტივი არის, რომ აღდგეს ფრენები ტრადიციული მიმართულებით. ამ მიმართულებით გვქონდა მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ, სულ მცირე, ორი მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, რადგან ახლა ისეთი ვითარებაა, ერთმანეთს თუ არ დავუდგებით გვერდით მთავრობა და საავიაციო ინდუსტრია, ალბათ გაჭირდება ფენების სწრაფად აღდგენა და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს.

კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში, რადგან ეს უნდა იყოს დასრულებული გადაწყვეტილება. ეს დასრულებული გადაწყვეტილება უკვე იქნება თქვენთვის საჯარო და არა მარტო თქვენთვის. დაიწყება ბილეთების გაყიდვა ამ მიმართულებებით. მაგრამ გეტყვით, რომ „აირზენას“ შემთხვევაში, სულ მცირე, ორი მიმართულებაა, „ვიზეარის“ შემთხვევაში ახლა ველოდებით მათგან მიმართულებების​ შორტლისტს, სადაც დაფრინავდნენ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება, ტურისტი შემოიყვანონ საქართველოში და მიმართულებებს გავყვებით ასევე ქვეყნებთან მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან.

„ასევე აქტიურები ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებით, საიდანაც ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა, თუმცა ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ. კორონამდეც ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება, საიდანაც ტურისტების დიდი ნაწილი შემოდიოდა. მარტივი არის მათთვის უფრო, რადგან არა მარტო საჰაერო, სახმელეთო გზებითაც შეუძლიათ შემოვიდნენ. უსაფრთხო დერეფნის სტანდარტის დაცვით, პირველ ეტაპზე, ალბათ რეგიონის ქვეყნებს ველოდებით, თუმცა ასევე არ დავკარგავთ არცერთ შანსს, რომ უახლოეს პერიოდში შემოვიყვანოთ ევროპელი ტურისტები. ჩვენ რომ ვერ შევძლოთ გასვლა პირველ ეტაპზე, გვინდა, ჩვენთან შემომავალი ევროპელი ტურისტი მაქსიმალურად მოვიზიდოთ. ამისთვის კონკრეტულ გეგმას განვახორციელებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე ისაუბრა, განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი – ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“.

მისი თქმით, თუ აქამდე მსოფლიო საქართველოს იცნობდა, როგორც უძველესი ტრადიციების მქონე, სტუმართმოყვარე, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ ქვეყანას, რომელსაც აქვს უნიკალური ბუნება და ისტორია, ახლა მსოფლიო ხელახლა გაიცნობს საქრთველოს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას.

„ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის ახალი, კონკურენტული უპირატესობები, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, შევიძინეთ პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი წარმატება და ასევე სრულიად უნიკალური გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც შეიძინა ტურიზმის ინდუსტრიამ და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა საკარანტინო ზონების მომსახურების, შესაბამისი სერვისების გაწევის ფარგლებში. ეს ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველომ არამარტო შეიძინა უნიკალური გამოცდილება, არამედ შეინარჩუნა აღნიშნული ინდუსტრია და 2500-მდე დასაქმებული,

„კარანტინის ზონებში მოვემსახურეთ 19 000-ზე მეტ ადამიანს და ახლა ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ეს გამოცდილება „გადავთარგმნოთ“ ჩვენს ახალ იმიჯში, ახალ კონკურენტულ უპირატესობაში. ასეთივე უნიკალური გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა აეროპორტებმა და იქ მომუშავე პერსონალმა, სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა და იქ მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ, მუნიციპალურმა სერვისებმა, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ ზონებში კარანტინში მყოფი ადამიანების მომსახურებას ახორციელებდნენ და ეს არის სწორედ უნიკალური გამოცდილება, რომლის კაპიტალიზაციაც ახლა უნდა მოვახდინოთ და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close