fbpx
იტალიასაზოგადოება

ორი რეკორდი იტალიაში – 7000-ით ნაკლები პაციენტი და 8000-ით მეტი გამოჯანმრთელებული

ერთ დღეში კიდევ 369 კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა, ნეაპოლში ბიზნესმენმა თავი მოიკლა ეკონომიკური სიტუაციის გამო

დღეს იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული სტატისტიკის მხრივ ორმაგი რეკორდი დაფიქსირდა: პირველი – გასული 24 საათის განმავლობაში თითქმის 7000-ით შემცირდა კოვიდ-პაციენტთა რაოდენობა და ამ დროისთვის აქტიურ პაციენტთა რიცხვი 91 528-ს შეადგენს, რაც გუშინდელთან შედარებით 6939-ით ნაკლებია. მონაცემები ამ საღამოს სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა.

მეორე რეკორდი: იტალიაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ დღეს პირველად გადააჭარბა აქტიურ პაციენტთა რაოდენობას – ქვეყანაში კორონავირუსისგან მთლიანობაში 93 245 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც 8014-ით მეტია, ვიდრე გუშინ. ეს გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია საგანგებო სიტუაციის დაწყების დღიდან.

ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა, სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, „დაკავშირებულია ლომბარდიის რეგიონის მაჩვენებლების განახლებასთან, რომელიც წინა დღეებსაც ეხება“. ლომბარდიაში ამ დროისთვის 31 753 აქტიური პაციენტია, 5345-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.

გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი იტალიაში, სამწუხაროდ, ისევ გაიზარდა – 369 ადამიანი გარდაიცვალა გასულ ერთ დღეში კოვიდ-19-ით და მთლიანობაში მსხვერპლთა რიცხვმა 29 684-ს მიაღწია.

ინტენსიური თერაპიის პაციენტთა როდენობა უკვე მეორე თვეა, სტაბილურად მცირდება – ამ დროისთვის რეანიმაციაში 1333 პაციენტია მოთავსებული, 94-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ; მათგან 480 ლომბარდიაშია, 29-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით.

ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, ამ დროისთვის 214 457-ს შეადგენს, გასულ 24 საათში ეს მაჩვენებელი 1444-ით გაიზარდა.

დღეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ნეაპოლში – 57 წლის ბიზნესმენმა ეკონომიკური სიტუაციის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბიზნესმენმა თავისი კომპანიის დამხმარე ნაგებობაში ჩამოიხრჩო თავი. ამ ფაქტს პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც გამოეხმაურა და „მტკივნეული ამბავი“ უწოდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და მეგობრების თქმით, მცირე მეწარმე 57 წლის მამაკაცი დათრგუნული იყო კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო. იგი გუშინ საღამოს სახლში არ დაბრუნდა, რის გამოც ოჯახმა განგაში ატეხა, დღეს კი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მისი ცხედარი იპოვეს. როგორც ამბობენ, ბიზნესმენმა გამოსათხოვარი წერილიც დატოვა.

ასოციაცია R.E TE. Imprese Italia-ს (Italian Enterprise Network) წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მონაწილეებს აცნობა „მტკივნეული ახალი ამბის“ შესახებ, რომელიც მასმედიამ გაავრცელა. „ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით დეტალები, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, – ვუსამძიმრებთ ოჯახს მომხდარის გამო“.

„ჩვენ უნდა გადავიტანოთ დიდი განსაცდელის პერიოდი“, – აღნიშნა კონტემ და ხაზი გაუსვა, რომ იტალიელი მეწარმეების ასოციაციასთან შეხვედრისას დაასრულა თავისი მუშაობა, რადგან „დაბეჯითებით მოითხოვდა ერთობლივ მუშაობას და ბრძანებულებების კანონის მიღების დაჩქარებას ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით“. კონტეს თქმით, კანონს მიმდინარე კვირაში მიიღებენ.

ამ დროს კი ვენეტოს გუბერნატორი ლუკა ძაია იმავე სულისკვეთებით აგრძელებს დამოუკიდებელ მოქმედებას: მისი თქმით, იტალიის რეგიონ ვენეტოში (ვენეცია) პლაჟები შესაძლებელია 2020 წლის მაისის ბოლომდე გაიხსნას, – ამის შესახებ რეგიონის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა.

„რეგიონში უკვე სამი კვირაა ეპიდემია უკან იხევს და უახლოეს მომავალში გავხსნით საზკვების ობიექტებს, ხოლო ბარების გახსნა, როდესაც პლაჟები დაკეტილია, აბსურდია“, – განაცხადა ლუკა ძაიამ.

ყველა შემთხვევაში იმოქმედებს სოციალური დისტანციის წესი, აუცილებელი იქნება სხვა სანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინება, სოციალური დისტანციის დაცვა პლაჟზე კი არც ისე რთულია, – მიაჩნია გუბერნატორს.

ექსპერტების თქმით კი, იტალიაში რაც დღეს ხდება ეპიდემიის უკან დახევასთან დაკავშირებით, წარსულის ასახვაა, როდესაც იტალიაში მკაცრი კარანტინი მოქმედებდა. მეორე ფაზის პირველ დღეებში ინფექცია ისევ ვრცელდება თუ არა, ამას 15 დღის შემდეგ გავიგებთ, – განაცხადა Ansa-სთან ინტერვიუში ფეისბუქგვერდის „კორონავირუსი: მონაცემები და სამეცნიერო ანალიზი“ (“Coronavirus-Dati e analisi scientifiche”) დამფუძნებელმა, ფიზიკოსმა ჯორჯო სესტილიმ.

 წყარო: Ansa

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close