საზოგადოებასაქართველო

საქართველოში COVID-19-ისგან 60 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 58 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტს, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ სუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ, კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, მძიმე ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა.

„ეს არის ქალბატონი, დაახლოებით 60 წლის ასაკის. ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ქალბატონი იყო ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციით, ბრონქული ასთმით, იყო კოვიდ-ინფიცირების შედეგად განვითარებული ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რეპირატორული დისტრეს სინდრომი. პაციენტი ჯერ მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ვინაიდან ვერ იმართა სუნთქვის უკმარისობა, პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი. რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს გარდაცვლილი 60 წლის ქალი კოვიდ-19-ის მე-9 მსხვერპლია საქართველოში.

მე-8 პაციენტი გუშინ გარდაიცვალა, ისიც ქალი, 71 წლის, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადმოიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, მას რამდენიმე თანხმლები პათოლოგია ჰქონდა, მათ შორის, მაღალი არტერიული წნევა და შაქრიანი დიაბეტი.

არც მაისის პირველ დღეს ჩაუვლია COVID -19-ის მსხვერპლის გარეშე – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა მე-7 პაციენტი, 83 წლის მამაკაცი.

საქართველოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი კიდევ 6 ადამიანიდან ორი მამაკაცია – 68 წლის და 83 წლის, ოთხი – ქალი, 73, 79, 81 და 86 წლის პაციენტები. ყველა მათგანს ექიმების თქმით, COVID-19-თან ერთად, ქრონიკული პათოლოგიებიც ჰქონდათ.

ამ დროისთვის (18:00, 3 მაისი, 2020) ქვეყანაში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 589 შემთხვევა (7-ით მეტი გუშინდელთან შედარებით), გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი საქართველოში 4 აპრილს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელება პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close