საზოგადოებასაქართველო

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რას ნიშნავს, „ვისწავლოთ ცხოვრება COVID-თან ერთად“

„COVID-თან ერთად ცხოვრება სპეციფიკური გამონათქვამია და სწორად უნდა იქნას გაგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ინსინუაციების წყარო გახდეს“, – ამბობს საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

როგორც კლინიცისტი აღნიშნავს, შეიძლება ყველას საკუთარი ვერსია ჰქონდეს ამ საკითხის გაგების, თუმცა მან მედიას საკუთარი ვერსია გააცნო:

„უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, რათა ამ შემსუბუქებული რეჟიმის პირობებში გადაცემათა სიხშირე და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი. იმის მოლოდინი [არ უნდა გვქონდეს], რომ სულ გაქრება უახლოეს დროში ეს ინფექცია და საქართველოში არცერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, არამედ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ყოველდღიურად ინფიცირებული პირების რაოდენობა იყოს რაღაც დაბალ ნიშნულზე, როგორიც ეს არის სხვა ინფექციებზე. ფილტვების ანთება არ ემართებათ საქართველოში ადამიანებს?! მაგრამ ეს არ არის მასობრივი. ასე უნდა იყოს ამ დაავადების მიმართაც. COVID-19-ის რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან მოახდინოს საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება. ამას ჰქვია ვისწავლთ ცხოვრება COVID-თან ერთად“.

23 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 420-ს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 111, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

radiotavisufleba.ge

p. s. საქართველოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი 5 ადამიანიდან ერთი – 68 წლის მამაკაცია, ოთხი – ქალი, 73, 79, 81 და 86 წლის პაციენტები, რომლებსაც, ექიმების თქმით, COVID-19-თან ერთად სხვა სერიოზული პათოლოგიებიც ჰქონდათ.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი საქართველოში 4 აპრილს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელება პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ამ დროისთვის (20:00, 23.042020) მთელ მსოფლიოში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 მილიონ 672 ათასამდე შემთხვევა, გარდაიცვალა 186 468 ადამიანი,  გამოჯანმრთელდა 732 ათასამდე პაციენტი. ვირუსმა მსოფლიოს 209 ქვეყანაში შეაღწია. ინფიცირების შემთხვევების (852431) და მსხვერპლთა რაოდენობით (47 851) ამ დროისთვის მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობით (151175-იდან 103300 პაციენტი ანუ 68% გამოჯანმრთელდა) – გერმანია.

რამდენიმე ქვეყანამ (მათ შორის, ევროპაში) კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო, ზოგმა კი – ეს პროცესი დააანონსა. ვირუსი დიდხანს არ გაქრება და უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ მოცემულობით – ასეთია კაცობრიობის გამოწვევა არსებულ რეალობაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close