fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის ხელისუფლების გეგმა: 4 მაისიდან შეზღუდვების ზომები შემსუბუქდება

როდის რის გახსნა და ამუშავება იგეგმება

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით 27 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დღეს 4 მაისამდე გაახანგრძლივა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 23 მარტიდან გამოცხადდა, რის შედეგადაც აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრა და საშვის გარეშე გადაადგილება. ამ მკაცრი შეზღუდვების ფონზე საბერძნეთში, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.

ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებულია SARS-COV-2-ით ინფიცირების 2463 შემთხვევა (გასულ 24 საათში ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა), გამოჯანმრთელდა 577 პაციენტი, გარდაიცვალა – 125 (გასულ 24 საათში 5 ადამიანი დაიღუპა); ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 52 პაციენტია მოთავსებული.

გუშინ, 22 აპრილს ინფიცირების შემთხვევების დღიური ზრდა საბერძნეთში 7-ს შეადგენდა და ეს ერთი დღე მსხვერპლის გარეშე დასრულდა ანუ 21-22 აპრილის 24 საათში კოვიდის დიაგნოზით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საბერძნეთში სიტუაცია ყოველდღე უმჯობესდება და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შეზღუდვების ზომები 4 მაისამდე გააგრძელა, პარალელურად უკვე მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება კარანტინის გაუქმების პირველადი ეტაპის დაწყების  თაობაზე. არსებული ინფორმაციით, ექსპერტთა კომიტეტი, შესაბამის სამინისტროებთან ერთად, უკვე მუშაობს „კარგი სცენარის“ გრაფიკზე, როდესაც ინფიცირების ახალი შემთხვევების, მძიმე პაციენტთა და გარდაცვალების მაჩვენებლები შემცირდება. მოსალოდნელია, რომ შეზღუდვების და აკრძალვების თანდათანობით მოხსნის შესახებ პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, 4 მაისიდან  გაიხსნება:

  • მცირე და საშუალო საწარმოები, საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და მაღაზიები.
  • ორშაბათს, 11 მაისს შესაძლოა გაიხსნას სკოლები, თუმცა მხოლოდ ლიცეუმების უფროსკლასელთათვის, სახელმწიფო გამოცდებთან დაკავშირებით.
  • საშუალო სკოლები გაიხსნება 24 მაისს ან პირველ ივნისს.
  • სავაჭრო ცენტრები გაიხსნება 15 მაისიდან ან ივნისის დასაწყისში.
  • 25 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში ისევ დაიწყებენ კლიენტების მომსახურებას რესტორნები, ბარები და კაფეები, მხოლოდ იმ პირობით, რომ მანძილი მაგიდებს შორის მკაცრად იქნება დაცული, თანაც მომსახურება მხოლოდ გარეთ, ღია სივრცეში დაიშვება.
  • სადღეღამისო სასტუმროები, დიდი ალბათობით, 15 ივნისიდან გაიხსნება, ხოლო სეზონური სასტუმროები – 2 კვირით გვიან.
  • ივნისში პლაჟზე გასვლა და ბანაობა ნებადართული იქნება მხოლოდ დისტანცირებასთან დაკავშირებით მკაფიო რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში (ორგანიზებული პლაჟებისთვის შეზლონგებით).
  • უნივერსიტეტებისთვის უფრო სავარაუდო სცენარია, რომ სწავლა  და გამოცდები სექტემბერში დაიწყება.

„კომისიამ იმსჯელა ნიღბების გამოყენების აუცილებლობაზე. მისი რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა პროფესორმა სოტირის ციოდრასმა პრესკონფერენციაზე.

ეპიდემიოლოგის თქმით, ნიღბების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ დახურულ სივრცეებში, შენობებში. მისი განმარტებით, კომისია აღიარებს რისკს, რომ პირბადის ტარების შემთხვევაში მოქალაქეები თავს შეცდომით ჩათვლიან კორონავირუსისგან სრულად დაცულად, რამაც შესაძლოა პირადი ჰიგიენის შესუსტება გამოიწვიოს.

საბერძნეთში ინფიცირების ინდექსი RO – 1-ზე მნიშვნელოვნად ნაკლებია

პროფესორმა ციოდრასმა აღნიშნა, რომ  ბოლო დროს ინდექსი RO, რომელიც აჩვენებს ერთი ადამიანისგან დაინფიცირებული სხვა ადამიანების საშუალო რაოდენობას საბერძნეთში, 1-ზე გაცილებით ნაკლებია.

საბერძნეთმა წარმატებას მიაღწია ეპიდემიასთან ბრძოლაში იმიტომ, რომ „საკმარისად დისციპლინირებულები ვიყავით. ყველა ჩვენგანის თანამშრომლობის შედეგად ჩვენი ქვეყანა ყველაზე ცუდისგან გადავარჩინეთ“, – განაცხადა სოტირის ციოდრასმა.  მისი თქმით, მძიმე ავადმყოფების რაოდენობის ცვლილების გრაფიკული მრუდი ქვემოთ ეშვება, რაც „საშუალებას გვაძლევს, რომ შვებით ამოვისუნთქოთ“.

აქვე შეგახსენებთ, რომ:

  • კორონავირუსის გადაცემის ყველაზე სავარაუდო გზა არის პირდაპირი, ახლო კონტაქტი, ამიტომ დაიცავით დისტანცია.
  • დახურულ სივრცეებში ვირუსი შეიძლება ჰაერში გაჩერდეს 3 საათამდე, ამიტომ მაღაზიებსა და სხვა დახურულ შენობებში ნიღბის ტარება აუცილებელია.
  • ქუჩაში, ჰაერზე ნიღბის ტარების აუცილებლობა არ არსებობს, განსაკუთრებით მზიან ამინდში.
  • არ არის აუცილებელი, რომ სუპერმარკეტში ნაყიდი ყველა პროდუქცია გარეცხოთ, მაგრამ ლიფტში ან სხვა დახურულ შენობაში სასურველია გამოიყენოთ რამე საგანი (ან ერთჯერადი ხელსახოცი), რათა ღილაკს დააჭიროთ თითი, ან საერთო სარგებლობის კარის სახელურებს შიშველი ხელით რომ არ შეეხოთ. ხელსახოცი მაშინვე გადააგდეთ სანაგვეში.
  • საცხოვრებელ ბინაში შესვლისთანავე გაიხადეთ ფეხსაცმელები და დააწყვეთ მათთვის განკუთვნილ ადგილას. ფეხსაცმელების ძირების გარეცხვა აუცილებელი არ არის.
  • რაც მთავარია, რაც შეიძლება ხშირად იბანეთ ხელები საპნით და ეცადეთ, სახეზე ხელის შეხების ჩვევას გადაეჩვიოთ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close