იტალიაში ერთ დღეში 3033-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, მოქმედ პაციენტთა რაოდენობა კი 851-ით შემცირდა
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ყველა მაჩვენებელი სტაბილურად უმჯობესდება
იტალიაში გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2646 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევების ჯამური მაჩვენებელი (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) 189 973-მდე გაიზარდა. გასულ 24 საათში 464 პაციენტი გარდაიცვალა და ეპიდემიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის უკვე 25 549-ს შეადგენს. ამის შესახებ ANSA წერს, სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სამაგიეროდ, მესამე დღეა გამოჯანმრთელების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება – გუშინდელი რეკორდი, 2943, დღეს მოიხსნა: გასულ 24 საათში კიდევ 3033 პაციენტს აღარ დაუდასტურდა ორგანიზმში კორონავირუსის არსებობა, მთლიანობაში კი 57 576 ადამიანი გამოჯანმრთელდა კოვიდ-ინფექციისგან. კომისარ ანჯელო ბორელის თქმით, პირველად მოხდა, რომ გამოჯანმრთელების დღიურმა მაჩვენებელმა (3033) ინფიცირების დღიურ მაჩვენებელს (2646) გადააჭარბა.
851-ით შემცირდა აქტიურ პაციენტთა რაოდენობა, რომელიც ამჟამად 106 848-ს შეადგენს; 117-ით შემცირდა მძიმე პაციენტების რიცხვი და ამ დროისთვის იტალიის საავადმყოფოების ინტენსიურ განყოფილებებში 2267 კოვიდ-პაციენტს მკურნალობენ.
იტალიის მთავრობა ეპიდემიისა და შეზღუდვების გამო შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად 55 მილიარდ ევროს გამოყოფს. შესაბამისი დოკუმენტი დღეს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
უწყების დათვლით, ეს გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის 4-ჯერ გაზრდას (10,4%) და იტალიის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 136%-იდან 155%-მდე გაიზრდება. მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 8%-ით შემცირდება, – ასეთია ექსპერტთა პროგნოზი.
ვენეტოს რეგიონში (ადმ. ცენტრი – ვენეცია) ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესამჩნევად უმჯობესდება და რეგიონი მზადაა, რომ 27 აპრილიდან ნაწილობრივ განაახლოს საწარმოთა მუშაობა, – ამის შესახებ ვენეტოს პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ დღეს, 23 აპრილს განაცხადა.
როგორც უკვე ვწერდით, იტალიის ხელისუფლება 4 მაისიდან აპირებს საყოველთაო კარანტინის ზომების შემსუბუქებას, თუმცა ზოგიერთი დარგის საწარმოს შესაძლოა 27 აპრილიდან მისცენ ამუშავების ნება, ოღონდ სანიტარიული უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით.
იტალიის შს სამინისტრო უახლოეს მომავალში წინადადებით მიმართავს ხელისუფლებას, გადახედოს დაკრძალვის ცერემონიების ჩატარების აკრძალვას, განაცხადა Avvenire-თან ინტერვიუში იტალიის შს მინისტრმა ლუჩანა ლამორჯეზემ.
ამჟამინდელი სიტუაცია, როდესაც ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომების გამო დაკრძალვაზე ახლობლები არ დაიშვებიან, „ადამიანურად არასწორია“, – განაცხადა ლამორჯეზემ.
ზაფხულში იტალიური, გერმანული და ბელგიური კომპანიებისგან შექმნილი კონსორციუმი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებზე გამოცდის და დადებითი შედეგების მიღებისთანავე დაიწყება ვაქცინის მასობრივი წარმოება. მათი განცხადებით, ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც მალე დასრულდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები