კრიმინალისაქართველო

პროკურატურამ ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს დამძიმებული ბრალი წაუყენა

თბილისის პროკურატურამ ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს დამძიმებული ბრალი წაუყენა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. პოლიციელს პროკურატურა გაუფრთხილებელობით სიცოცხლის მოსპობის ნაცვლად ახლა უკვე განზრახ მკვლელობას ედავება.

„პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ბრალის წაყენების შემდეგ ისევ პროკურატურაზეა დამოკიდებული, რა მტკიცებულებებს წარადგენს სასამართლოში. სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმსჯელებს პატიმრობის მისჯის დროს.

„განზრახ მკვლელობა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ვიღაცას იცნობ და გამიზნულად გინდა მოკვლა, არამედ, ცეცხლსასროლი იარაღის იმ მიმართულებით გასროლაა, რომელიც, დიდი ალბათობით, ადამიანს მოკლავს“, – განმარტავს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის, „უფლებები საქართველოს“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ბრალის დამძიმებამდე პოლიციელს, რომლის ტყვიასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა, ან სულაც ექვს თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა ემუქრებოდა, ბრალის დამძიმების შემდეგ კი შესაძლოა 7-იდან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ.

შეგახეენებთ, რომ დანაშაული აღდგომის კვირა დღეს მოხდა: 19 აპრილს, იმ დროს, როდესაც საქართველოში კომენდანტის საათი დადგა და ქუჩაში მოძრაობა აიკრძალა, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლეს.

ზუსტად ამ დროს, დაახლოებით 600 მეტრით დაშორებულ მოპირდაპირე კორპუსში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მინის ჩამსხვრევის ხმაზე ოთახში, სადაც 50 წლის თამარ ანთელავა და მისი მოხუცი დედა ისხდნენ, თამარის ქმარი და ძმა შევიდნენ. ქალს ტყვია კეფაში ჰქონდა მოხვედრილი. სიძის თქმით, იგი ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარიდან მეორე დღეს, დილიდან პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისი ვინაობა საგამოძიებო სტრუქტურებს არ გაუმხელიათ, მხოლოდ ის თქვეს, რომ დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. მოგვიანებით რამდენიმე ნაციონალურმა მაუწყებელმა ერთმანეთის პარალელურად გადმოსცა, რომ ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელმა სოსო (სიმონ) გაბრიაძემ მეგობრებთან ქეიფის შემდეგ, ტაბელური იარაღიდან გაისროლა. მეზობელი სახლების მობინადრეები ჰყვებიან, რომ დღესასწაულებზე მათ სისტემატურად ესმოდათ სროლის ხმა.

პროკურატურამ თავდაპირველად გაავრცელა ვერსია, რომ ნასვამმა პოლიციელმა საკუთარი ბინის აივნიდან იარაღიდან მოპირდაპირე კორპუსისკენ უმისამართოდ ისროლა. პოლიციელის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების აღწერიდან ირკვევა, რომ ნაპოვნია რამდენიმე მასრა, რაც რამდენიმე გასროლაზე მიანიშნებს, ამაზე საუბრობდნენ გარდაცვლილი ქალის მეზობლები. ერთ-ერთი მათგანის თქმით, დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე 4 გასროლის ხმა გაიგონა, შემდეგ კი – კიდევ რამდენიმე გასროლა.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close