საბერძნეთი: კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები სააღდგომოდ
17 აპრილს ცნობილი გახდა საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც სააღდგომოდ შეზღუდვების გამკაცრებას ეხება. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, არ დაუშვან ადამიანების დიდ ჯგუფებად შეკრება, აგრეთვე, რეგიონებში მასობრივი გადაადგილება.
ხელისუფლებამ პოლიციას ახალი ინსტრუქცია მისცა, რომლის მიხედვითაც, მკაცრად გაკონტროლდება, რამდენად შეესაბამება მოქალაქის მიერ დასახელებული გადაადგილების მიზეზი რეალობას.
ყურადღების ცენტრში იქნება ე.წ. კოდი 4, რომლის თანახმადაც, მოქალაქე საჭიროების მქონე ადამიანის დასახმარებლად გადაადგილდება. ეს დებულება საკმაოდ ბუნდოვანია და ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მოქალაქეები მას ხშირად არამიზნობრივად იყენებენ. პოლიცია მოითხოვს იმ პიროვნების მონაცემებს, რომლის დასახმარებლადაც ადამიანი მიდის. კერძოდ, საჭირო იქნება ასეთი პირის ვინაობის, მისამართის და დახმარების საჭიროების დამადასტურებელი საბუთების წარდგენა. ასევე, მითითებული უნდა იყოს უკან დაბრუნების დრო.
გათვალისწინებულია ჯარიმების გაორმაგება და მანქანის სანომრე ნიშნების ჩამორთმევა. აღნიშნული ზომები ძალაშია 18 მარტის საღამოს 9 საათიდან 20 აპრილის ღამის 12 საათამდე (ათენის დროით).
მკვეთრად შემცირდება საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება. არ იმოძრავებს მატარებელი ათენი-თესალონიკი, ეკლესიები კი 28 აპრილამდე იქნება დაკეტილი.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები