fbpx
მედიცინასაქართველო

კორონავირუსი: საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა გლობალურად – დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტი, დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრი Royal United Services Institute (RUSI), რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კვლევებს ახორციელებს, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე წერს.

ვრცელ პუბლიკაციაში დეტალურად არის მიმოხილული მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული პრევენციული ნაბიჯები და მიღებული ზომები.

„საქართველო წარმატებულ ქვეყნად მოგვევლინა ახალი კორონავირუსის გამოწვევასთან გამკლავების წყალობით“, – ასეთია ვრცელი პუბლიკაციის სათაური, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ბევრი ქვეყანა სხვადასხვა გზას პოულობს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად და წარმატებას სხვადასხვა დოზით აღწევს, თუმცა საქართველომ ალტერნატიული გზა აირჩია და არჩევანმაც გაამართლა. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და მთავრობის მყისიერმა რეაგირებამ ჯანდაცვის სისტემას გარკვეული დრო მოაგებინა მობილიზაციისთვის და მოსალოდნელი ეპიდაფეთქებისთვის მზაობისთვის. საქართველომ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დასკვნების გაკეთება და შესაფერისად მოქმედება შეძლო. 15 აპრილის მდგომარეობით საქართველოს მხოლოდ 300 დადასტურებულ შემთხვევაზე ცოტათი მეტი აქვს, რომელთა მესამედის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. გარდაცვლილია 3 ადამიანი. წარმატება ინფექციის გავრცელების შეკავებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის კუთხით შემთხვევითი არაა. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მთელი ნაკადის წყალობით, საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად. საქართველოს შემთხვევა ცხადყოფს, რომ კრიზისების ქმედით მართვას უამრავი რესურსი არ სჭირდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ადრეული რეაგირების შედეგად, 2020 წლის იანვარშივე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შეიქმნა უწყაბათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ახალი კორონავირუსის საფრთხეების განეიტრალება და შეკავება განესაზღვრა მიზნად.

„თავიდან თითქმის არავინ ელოდა, რომ უჰანში გაჩენილი ვირუსი ასეთი ინტენსივობით დაარტყამდა დანარჩენ მსოფლიოს, თუმცა საქართველოს მთავრობის რეაქცია სწრაფი და, როგორც აღმოჩნდა, დროული იყო. საქართველომ პრევენციული ზომები განახორციელა ჩინეთიდან ფრენების დროებითი შეჩერების გზით, სანამ იმავე ზომებს მიიღებდა ირანის მიმართ. ირანი ცხელ წერტილად თებერვლის ბოლოს იქცა.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შედეგებით სარგებლობის კონტექსტში იტალია ევროპაში ქართველი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულების ადგილი იყო. თებერვლის ბოლოსთვის იტალია ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოდ იქცა ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს მთავრობამ მყისიერად იმოქმედა და იტალიიდან ჩამოფრენილი უკლებლივ ყველა მგზავრი 14 დღის განმავლობაში საკარანტინო ზონებად ქცეულ სასტუმროებში გადაიყვანა ან თვითიზოლაციაში გაუშვა. ამას მოჰყვა საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოსა და იტალიას შორის. მანამდე კარგა ხნით ადრე, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც მკაცრი სამედიცინო შემოწმებები დაიწყო აეროპორტებსა და ქვეყანაში შემომსვლელი ყველა მგზავრი ამ რეჟიმში იყო მოქცეული. ეს მარტივი, თუმცა ქმედითი მექანიზმი ახდენდა ინფიცირებული ადამიანების გამოვლენას“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორს ასევე ხაზგასმული აქვს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით წარმართული მედიაკამპანია და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებგვერდი – www.stopcov.ge.

„ის მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას იმ კრიზისის სიმძიმის შესახებ, რაც შესაძლოა, საქართველოს დადგომოდა. პრემიერ-მინისტრის საკონსულტაციო ორგანო – ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და მისი აპარატი საკვანძო როლს თამაშობს უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფაში, რადგან უმაღლეს დონეზე ხდება კრიზისის მართვის ზომების ეფექტური განხორციელება“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორის შეფასებით, კრიზისის დროს კომუნიკაცია დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი ექსტრაორდინარული გადაწყვეტილებების წარმატებული განხორციელების საკვანძო ელემენტია და საქართველო ამ კუთხითაც გამოირჩევა.

„კომუნიკაციაში ფიგურირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის სფეროს უმაღლესი დონის ექსპერტები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები ნათლად და მკაფიოდ განემარტოს მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ქართველებმა პანიკურად დაიწყეს მედიკამენტებისა და სურსათის შეძენა აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში, ეს პროცესი მაშინვე დაცხრა, როდესაც გაცხადდა, რომ საკმარისი მარაგები არსებობდა ქვეყანაში და სიტუაცია ამ მხრივ კონტროლს ექვემდებარებოდა. მოგვიანებით ნიადაგიც მომზადდა საგანგებო ვითარების გამოსაცხადებლად; ბაგა-ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების დასახურად; სწავლის პროცესის ციფრულ პლატფორმებზე გადასატანად. სახელოვნებო და სპორტული ღონისძიებები გაუქმდა. რესტორნები და კაფე-ბარები დაიკეტა. საზღვრები ჩაიკეტა და ქვეყანაში შემოსვლა აიკრძალა. გამონაკლისს მხოლოდ სამშობლოში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოფრენილი საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზომების გამკაცრება შეესაბამებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს. ქვეყნის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება ზომების „მძიმე არსენალის“ გამოყენებაზე იმაზე მეტყველებს, რომ ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი კრიზისის დროს მთავრობას წარმატებით შეუძლია მხარდამჭერ მექანიზმად იქცეს და პროფესიონალების მიერ გაცემული რეკომენდაციები განახორციელოს. საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები საკმარისად თამამები აღმოჩდნენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგიერთი რეკომენდაცია გადააკეთეს ქართული რეალობისთვის მორგების მიზნით“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი ასევე ყურადღებას უთმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„საქართველოს ყველაზე მოწყვლად სფეროებად რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები. რუსეთმა მათი მცხოვრებლები მარტო დატოვა ჯანდაცვის გამოწვევის წინაშე, მაგრამ საქართველოს მთავრობამ დახმარება შესთავაზა აფხაზებსა და ოსებს ვირუსზე ტესტირებისა და დიაგნოსტირების მიმართულებით, რაც თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრში წესიერად ჩატარდებოდა. შეთავაზება ასევე გულისხმობდა სრულ წვდომას სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რადგან ხსენებულ რეგიონებს ჯანდაცვის ელემენტარული საჭიროებებიც კი არ აქვთ დაკმაყოფილებული რუსეთის ოკუპაციის პირობებში. შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ლუგარის ცენტრი 2018 წელს მიზანში ჰყავდა ამოღებული რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას და აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები ამ ლაბორატორიას უკანონო ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ვირუსების გამოსაყვანად იყენებს. ეპიდაფეთქებამ რუსეთის პროპაგანდის შეზღუდულობა და ამ სამედიცინო დაწესებულების სტრატეგიული მნიშვნელობა ცხადყო. ლუგარის ცენტრი საქართველოში ახალ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება – დიაგნოზებს ძალიან მოკლე დროში სვამს და ვირუსის გავრცელების არეალში მიკვლევადობას ახდენს. ასეთ დროს რთულია, იდავო წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გადამწყვეტ როლზე. ეს იმ ხალხსაც უჭირს, ვინც რუსეთის დეზინფორმაციისკენ იყო გადახრილნი”, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო შორსაა პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებისგან, თუმცა ქვეყანა რეაგირების კუთხით დღემდე გადადგმული ნაბიჯებისთვის შექებას იმსახურებს.

„საქართველო შორსაა პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებისგან, რადგან მრუდი პლატოდ მალე ვერ იქცევა. ტურიზმზე დიდად დამოკიდებულ ქვეყანაში პოსტპანდემიური პერიოდი სავსე იქნება ეკონომიკური სიდუხჭირითა და გამოწვევებით. და მაინც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ქება ახალ კორონავირუსზე რეაგირების ნაწილში ნამდვილად დამსახურებული იყო და სხვა ქვეყნებისთვის მაგალითადაც გამოდგება“, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close