ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ქართველი კარდიოქირურგი: როგორ მკურნალობენ გერმანიაში COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს

გერმანია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, გარდაცვლილთა რაოდენობით – მე-9 ადგილზე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობით კი (83 000-ზე მეტი, 59%) საპატიო პირველ ადგილს იკავებს. ამაში მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი (რადგან თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე, დაგვეთანხმებით, უმნიშვნელოვანესია) ჩვენს თანამემამულეს, კარდიოქირურგ თამარ ტვილდიანსაც მიუძღვის.

თამარი ამჟამად ქალაქ კასელის (ჰესენის ფედერლურ მიწა) ECMO-ს რეგიონულ ცენტრში მუშაობს, სადაც სხვებთან ერთად, კოვიდ-19-ის მქონე მძიმე პაციენტებსაც მკურნალობენ, მათ შორის, საფრანგეთიდან და იტალიიდანაც.

როგორც ქართველი ექიმი ამბობს, სანამ ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, მანამდეც ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავდათ, რომლებსაც გულის ან ფილტვის უკმარისობის გამო „ექმოს“ (ECMO, ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია) აპარატზე შეერთება სჭირდებოდათ, წელიწადში თითქმის 100 შემთხვევა იყო: „მობილური ჯგუფი ვართ, გულს როცა აჩერებს პაციენტი და კარდიო-პულმონალური რეანიმაცია როდესაც არის საჭირო, მივდივართ გამოძახებაზე რეანიმობილით ან ვერტმფრენით მივფრინავთ და, იმისდა მიხედვით, რამდენად კარგია პროგნოზი, ხდება გადაწყვეტილების მიღება – ადგილზე ვაყენებთ ამ აპარატს, თუ არ ვაყენებთ და მოგვყავს ჩვენს ცენტრში… ამგვარი პაციენტების მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, იმიტომ რომ კოვიდ-ინფექციამდეც ბევრი გვყავდა, მწვავე ინფარქტის დროს, როდესაც გული გააჩერა პაციენტმა, H1N1 ვირუსის ეპიდემიის დროს, გრიპის (ინფლუენცა) გართულებული შემთხვევები…“ – გვიყვება თამარი.

როგორ მოახერხა გერმანიამ სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნება ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციის სწრაფად ზრდის ფონზე (141 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ამ დროისთვის), რა სიტუაციაა ამჟამად ქვეყანაში ეპიდემიასთან დაკავშირებით და როგორ მკურნალობენ კოვიდ-19-ის მქონე მძიმე პაციენტებს კლინიკაში, სადაც ქართველი ექიმი მუშაობს, – ამ საკითხებზე თამარ ტვილდიანი გვესაუბრება.

თამარ, რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გერმანიაში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით? როგორც ცნობილია, ინფიცირების საკმაოდ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, მაგრამ ძალიან ბევრ ტესტსაც ატარებენ, ზოგი ინფორმაციით, კვირაში 300-500 ათასამდე…

დიახ, ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ინფიცირებულია, მაგრამ მიწების მიხედვით სხვადასხვა სიტუაციაა. 16-ვე ფედერალური მიწის ტერიტორიაზეა დაფიქსირებული ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები, თუმცა სამი მიწაა, ძირითადად, სადაც გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვაგან: ბავარია (დედაქალაქი – მიუნხენი), ბადენ-ვიურტემბერგი (შტუტგარტი) და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია (დიუსელდორფი).

ძალიან  ბევრი ტესტი კეთდება, ჩვენი ლაბორატორიაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და როდესაც არის ეჭვი, ან ტიპური სურათით როცა მოდიან – ხველებით, ტემპერატურით – ყველა პაციენტი იტესტება აბსოლუტურად, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებიც, რა თქმა უნდა… სწრაფად და მასობრივად ხდება რეაგირება და ინფიცირებულების იზოლირება, მსუბუქი კლინიკის შემთხვევაში – სახლში, შედარებით რთულ შემთხვევაში – საავადმყოფოში.

საინტერესოა გერმანიის სტატისტიკა იმ მხრივ, რომ 4-5-ჯერ ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით – სამი კვირის წინ იყო გამოვლენილი შემთხვევების დაახლოებით 0,6%, ახლა დაახლოებით 3%-ია (4352), მაშინ როდესაც 12-13%-ის ფარგლებშია იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში (ამ ქვეყნებში ევროპაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული). როგორც მაჩვენებლებიდან ჩანს, ინფიცირებულთა 59 პროცენტამდე უკვე გამოჯანმრთელდა. როგორ მიაღწია ამას  გერმანიამ?

ვფიქრობ, ეს უკავშირდება იმას, რომ გერმანია მობილიზებული შეხვდა ამ ეპიდემიას. იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში რა მდგომარეობაც შეიქმნა, რომ პაციენტებს ვეღარ აუდიოდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და უწევდათ არჩევანის  გაკეთება, ვინ ჩაერთოთ აპარატზე და ამ გადაწყვეტილებას შედარებით ახალგაზრდა პაციენტების სასარგებლოდ იღებდნენ – ასეთი რამე გერმანიაში არ მომხდარა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლები საკმარისია მთელი გერმანიის მასშტაბით, 18 ათასი რეანიმაციული საწოლი გვქონდა, მაგრამ გაზარდეს 40 ათასამდე, ინფრასტრუქტურულად მოარგეს სიტუაციას. ჩვენს კლინიკაშიც გვყავდა კოვიდ-19-ის მქონე პაციენტები 80 წელს ზემოთაც, რომლებიც სასუნთქ  აპარატზე იყვნენ. ამჟამად სულ 14 პაციენტი გვყავს ინტენსიური  თერაპიის განყოფილებაში, ძირითადად, 45 წლიდან 65 წლამდე ასაკის, 2 პაციენტია 80 წლამდე. ზოგადად, არჩევანის გაკეთება, ვინ ჩართო აპარატზე და ვინ არა, არასწორია როგორც მორალურად, ისე პროგნოზის თვალსაზრისით – ამ ვირუსზე მსოფლიოში ვერავინ გააკეთებს პროგნოზს, ვინ გადარჩება, შეიძლება ახალგაზრდებში დაავადება უფრო აგრესიული ფორმით მიმდინარეობდეს და ლეტალური შედეგით დასრულდეს, ხოლო ასაკოვან პაციენტებში – შედარებით მსუბუქად და გამოჯანმრთელდნენ.

როგორც ვიცი, ინფიცირებულების საშუალო ასაკი გერმანიაში უფრო ნაკლებია, ვიდრე, ვთქვათ, იტალიაში.

დიახ, ეს ფაქტორიცაა: ჩვენთან ინფიცირებულთა დიდი ნაწილი არის 35-იდან 65 წლამდე, 53% მამაკაცები არიან და 47% – ქალები.

რაც შეეხება სიკვდილის შემთხვევებს, უფრო მეტად ასაკოვანი პაციენტები იღუპებიან, მაგრამ არის ახლგაზრდა პაციენტების გარდაცვალების შემთხვევებიც, რომლებთანაც დაავადება ძალიან აგრესიულად  მიმდინარეობდა. ასაკოვან პაციენტებში, როგორც ცნობილია, ხშირია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტი – დამატებით ბევრი ფაქტორი იწვევს სეფსისის დროს ორგანოების უკმარისობას, რაც ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება კოვიდ-პაციენტებში.

როგორც ვიცი, ფილტვის და გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში თქვენ გაქვთ საშუალება, რომ პაციენტი აპარატზე შეაერთოთ…

ჩვენი საავადმყოფო კასელში ECMO-ს (ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია) რეგიონული ცენტრია. ორი ტიპის „ექმოს“ აპარატია, – ვენოვენოზური და ვენოარტერიული. პირველი გამოიყენება, როდესაც არის მხოლოდ ფილტვის უკმარისობა, მეორე – როდესაც ფილტვის და გულის უკმარისობა ერთად ვითარდება. ეს აპარატები დროებით ასრულებენ ფილტვის და გულის კუნთის ფუნქციას, მათი საშუალებით ხდება ადამიანის ორგანიზმის გარეთ სისხლის გამოტანა და დროებით ფილტვის და გულის განტვირთვა.

რამდენ ხანს შეიძლება პაციენტი იყოს ამ აპარატზე შეერთებული?

3-4 კვირა, 5 კვირაც გვყოლია პაციენტი შეერთებული,ზოგჯერ ერთი კვირაც საკმარისია. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა რისკი და ვცდილობთ, მალე მოვხსნათ ამ აპარატიდან, თუ ეს შესაძლებელია.

გადარჩენის მაჩვენებელი რამდენია ამ შემთხვევაში, საშუალოდ, როგორია სტატისტიკა?

როდესაც მარტო ფილტვის მწვავე უკმარისობა გვაქვს, გულის მწვავე უკმარისობის გარეშე, მაგ შემთხვევაში კარგი პროგნოზია, იმიტომ რომ მწვავე ფაზის გადავლა ხდება, მანამდე ანტიბიოტიკებით ვატარებთ აგრესიულ თერაპიას, ფილტვიც ისვენებს და კარგად გამოდიან პაციენტები კრიტიკული მდგომარეობიდან. როდესაც გულის მწვავე უკმარისობაა თანდართული, უფრო მძიმე სიტუაციაა, გულის უკმარისობა რა მიზეზებით არის გამოწვეული, იმისდა მიხედვით დგება შედეგი.

საავადმყოფოში კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებისთვის ალბათ ცალკე განყოფილებაა მოწყობილი.

მე კარდიოქიურურგიაში ვმუშაობ და ჩვენ გვაქვს ინტენსიური თერაპიის ერთი განყოფილება, სადაც 17 კარდიოქირურგიული საწოლია. ეს განყოფილება ამჟამად კოვიდ-პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. რამდენიმე დღის წინ მოხდა ინტენსიური თერაპიის მეორე განყოფილების იზოლირება და ინფრასტრუქტურის შეცვლა კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებისთვის. იქ 14 საწოლია. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ მეტი პაციენტის მომართვიანობა თუ იქნება, მეორე განყოფილებაშიც გვქონდეს საწოლები.

თუ ყოფილა თქვენთან კორონავირუსის გამო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა?

3 პაციენტი დაიღუპა, სამწუხაროდ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ საფრანგეთიდან და იტალიიდან მიიღო სამკურნალოდ კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტები. თქვენთან თუ არიან უცხოელი პაციენტები?

ვერტმფრენით გადმოიყვანეს საფრანგეთიდან და იტალიიდან მძიმე პაციენტები, გაანაწილეს სხვადასხვა  კლინიკაში, 5 მათგანი ჩვენ მივიღეთ. ერთ-ერთი იტალიელი პაციენტი 34 წლისაა, „ექმოს“ აპარატზეა, გვაქვს დადებითი დინამიკა და მალე მოვხსნით; მეორე 51 წლის მამაკაციც „ექმოს“ აპარატზეა, ჯერჯერობით მკურნალობის ეტაპზე ვართ; კიდევ 3 პაციენტის ასაკია 57, 63, 65 წელი.

ამ პაციენტებს აქვთ რამე ქრონიკული პათოლოგიები? რატომ გაურთულდათ დაავადება?

ზოგს აქვს არტერიული ჰიპერტენზია, მაგრამ ისეთი არაფერი პათოლოგია არ ჰქონიათ, რომელიც ასეთ მძიმე ფორმას გამოიწვევდა, გარდა ახალი ტიპის კორონავირუსისა, რომელიც აგრესიულია მათ შემთხვევაში…

ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ექმოინპლანტაციის სფეროში. სანამ კორონავირუსის ეპიდემია დაიწყებოდა, წელიწადში 100-მდე ექმოინპლანტაციას ვაკეთებდით. მობილური ჯგუფი ვართ, გულს როცა აჩერებს პაციენტი და კარდიო-პულმონალური რეანიმაცია როდესაც არის საჭირო, მივდივართ გამოძახებაზე რეანიმობილით ან ვერტმფრენით მივფრინავთ და, იმისდა მიხედვით, რამდენად კარგია პროგნოზი, ხდება გადაწყვეტილების მიღება – ადგილზე ვაყენებთ ამ აპარატს, თუ არ ვაყენებთ და მოგვყავს ჩვენს ცენტრში… ამგვარი პაციენტების მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, იმიტომ რომ კოვიდ-ინფექციამდეც ბევრი გვყავდა, მწვავე ინფარქტის დროს, როდესაც გული გააჩერა პაციენტმა, H1N1 ვირუსის ეპიდემიის დროს, გრიპის (ინფლუენცა) გართულებული შემთხვევები…

ექიმების დაინფიცირების ფაქტები თუ არის გერმანიაში?

კლინიკის ექიმების დაინფიცირების შემთხვევები არ არის იმდენად, ამბულატორიის ექიმების დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ არა ისე მასობრივად, როგორც იტალიაშია. ჩვენთან არ არის ისეთი სიტუაცია, რომ პაციენტებს ვერ ავუდიოდეთ და დამცავი საშუალებებიც ყველაფერი საკმარისადაა ჯერჯერობით.

რა პროგნოზი კეთდება გერმანიაში ეპიდემიის პიკთან დაკავშირებით?

ჯერჯერობით პიკამდე არ მიუღწევია, ელოდებოდნენ აპრილის შუა რიცხვებისკენ ან ბოლოსკენ, შესაძლოა მაისშიც – ზუსტად არავინ იცის.

ამ დროისთვის რა სახის შეზღუდვები მოქმედებს? როგორც ვიცი, გერმანიაში, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, შეზღუდვების შემსუბუქება იწყება…

დღეს (15.04.2020) ანგელა მერკელმა ჩაატარა კონფერნეცია და თქვა, რომ 800 კვადრატულ მეტრზე მცირე ფართის მქონე მაღაზიები გაიღება, მაგრამ უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვით, ასევე გაიხსნება წიგნის მაღაზიები ჰიგიენის ნორმების დაცვით, სკოლებში მაისიდან განახლდება სწავლა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის და მერე ეტაპობრივად მოხდება, სავარაუდოდ, დაბალკლასელების სწავლის პროცესის აღდგენაც…

გარეთ სასეირნოდ გასვლა შეუძლია ერთად ოჯახის რამდენიმე წევრს, მაგრამ თუ მეგობარს შეხვდები (არა – ოჯახში შენთან ერთად მცხოვრებს), მხოლოდ 2 პიროვნებას შეუძლია შეკრება 1,5 მ დისტანციის დაცვით (ეს შეზღუდვა აქამდეც იყო დაწესებული და გააგრძელეს).

კოვიდ-19-ის მკურნალობისას რა პრეპარატებს იყენებენ გერმანიაში და რა მდგომარეობაა ვაქცინის შექმნის კუთხით? – როგორც ვიცი, გერმანია ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო.

ვაქცინაზე აქტიური მუშაობა მიდის, მაგრამ ჯერჯერობით 2020 წლის ბოლომდე – 2021-ის დასაწყისამდე ელოდებიან, რომ გაიწელება ეს პროცესი… მკურნალობას რაც შეეხება, არის პრეპარატები, რომლებიც ადრე ებოლის და მალარიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რამდენად ეფექტურია ეს პრეპარატები კოვიდ-19-ის მკურნალობაში, ამიტომ ჩვენს კლინიკაშიც ინტერდისციპლინური ჯგუფი განსაზღვრავს მკურნალობის სტრატეგიას იმისდა მიხედვით, რა სირთულის პაციენტია და რა თანმდევი დაავადებები აქვს.

თამარ, დიდი მადლობა, რომ ძალიან დატვირთული რეჟიმის მიუხედავად გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიაში და კორონავირუსთან ბრძოლაშიც!

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close