მედიცინა

მეცნიერებმა მაღალი არტერიული წნევის შემცირების მარტივ და ეფექტიან მეთოდს მიაგნეს

ჰიპერტონია ანუ მაღალი არტერიული წნევა მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. ამ პრობლემისგან მთელ მსოფლიოში 1.25 მილიარდი ადამიანი იტანჯება (მათ შორის, 100 მლნ ამერიკელი). ამასთან, ადამიანთა უმეტესობა რეკომენდებულზე უფრო მეტ მარილს იღებს

არსებობს თუ არა კავშირი არტერიულ წნევასა და მარილის მოხმარებას შორის?

დიახ, არსებობს და ეს კვლევებითაც დასტურდება. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  არტერიულ წნევაზე ზემოქმედება საკვები მარილის საშუალებით არის შესაძლებელი. თითქმის ყველა ჰიპერტონიკს შეუძლია სისხლის წნევის შემცირება ნატრიუმის (NaCl – ჩვეულებრივი სუფრის მარილი) მოხმარების შემცირების ხარჯზე, მათაც კი, ვინც ამ მომენტში წნევის დამწევ წამლებს სვამს.

კვლევა ალაბამის უნივერსიტეტმა ბირმინგემში, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა და ჩრდილო-დასავლეთის მედიცინის  სისტემამ (Northwestern Medicine) ჩაატარეს. შედეგები ამერიკის მედიკოსთა ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, აგრეთვე, წარდგენილი იყო ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის სამეცნიერო სესიებზე 11 ნოემბერს.

„რიგი კვლევებისა ერთმანეთს უკავშირებს მარილის მაღალ მოხმარებას მაღალ არტერიულ წნევას და ნაადრევი სიკვდილის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის, გულის შეტევების და ინსულტების, უფრო მაღალ რისკს“, – განაცხადა კორა ლუისმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, კვლევის თანაავტორმა.

„წინა კვლევებიდან ვიცით, რომ ნაკლებმარილიანი დიეტა სისხლის წნევის საშუალო მაჩვენებელს ამცირებს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო ზოგი ადამიანი უფრო მეტად მგრძნობიარეა მარილის მიმართ, ვიდრე სხვები“, – აღნიშნა მან.

კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა 70-75%-ს, იმის მიუხედავად, იღებდა თუ არა წნევის დამწევ პრეპარატებს, არტერიული წნევა უმცირდებოდა, თუ რაციონში ნატრიუმის შემცველობას შეამცირებდნენ. მთლიანობაში მონაწილეთა 72%-ში შეინიშნებოდა სისტოლური არტერიული წნევის შემცირება ჩვეულებრივ რაციონთან შედარებით ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტის შემთხვევაში.

AHA-ს (ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაცია) მიერ რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მოხმარების ნორმაა არა უმეტეს 1500 მგ-ისა (1,5 გ), კვლევა ამ ნორმის კიდევ უფრო დაწევის მიზნით შემუშავდა.

საკვებში ნატრიუმის შემცველობის სისხლის წნევის მაჩვენებელზე ზემოქმედების შესწავლის მიზნით ჩატარებული ეს კვლევა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და იმ ადამიანებსაც მოიცავს, რომლებიც წნევის დამწევ წამლებს უკვე იღებენ.

„შედეგები ადასტურებს საკვებთან ერთად ნატრიუმის მოხმარების შემცირების მნიშვნელობას არტერიული წნევის კონტროლისთვის იმ ადამიანთა შორისაც კი, რომლებიც ჰიპერტონიის საწინააღმდეგო წამლებს იღებენ, – განაცხადა კვლევის თანახელმძღვანელმა, პროფილაქტიკური მედიცინის პროფესორმა ნორინა ალენმა. – შესაძლოა ეს რთულია, მაგრამ ნატრიუმის მოხმარების ნებისმიერი რაოდენობით შემცირება  სასარგებლო იქნება“.

ჩატარებული კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ ნაკლებმარილიანი საკვების მიღების შედეგად ერთ კვირაში არტერიულმა წნევამ 7 ერთეულით (ვერცხლისწყლის სვეტის 7 მმ) დაიწია. ეს იმ ეფექტის ანალოგიურია, რაც პირველი ხაზის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღების შედეგად მიიღწევა, – ნათქვამია კვლევის ავტორთა განცხადებაში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რაციონში ნატრიუმის შემცველობის შემცირება შესაძლოა იყოს ჰიპერტონიის მართვის ეფექტიანი მეთოდი სერიოზული გვერდითი მოვლენების გარეშე.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close