იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი, სულ ცოტა, აღდგომამდე (კათოლიკური კალენდრით), 12 აპრილამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ 30 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განუცხადა ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 22 მარტიდან გამოაცხადა ქვეყანაში სტრატეგიულის გარდა ყველა საწარმოს (მათ შორის, მშენებლობების, საავადმყოფოების მშენებლობის გარდა), აგრეთვე, ყველა სავაჭრო ობიექტის მუშაობის დროებით, 3 აპრილამდე შეჩერების შესახებ, აფთიაქების და პროდუქტების მაღაზიების, აგრეთვე, აუცილებელი მომსახურებების ობიექტების გარდა.
მანამდე მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული დარგებისა და რეგიონების ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი “Cura Italia” 25 მილიარდი ევროს ოდენობით. კიდევ ამდენივეს გამოყოფაა გათვალისწინებული მიმდინარე წლის აპრილში. ყველაზე გაჭირვებულებისთვის პროდუქტების შესაძენად ცენტრალური ბიუჯეტიდან 400 მლნ ევრო დაიხარჯება, აგრეთვე, სახსრები გამოიყოფა რეგიონული ბიუჯეტებიდანაც.
30 მარტის საღამოს მონაცემებით, იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 101 739 შემთხვევა, გარდაცვლილია 11 591 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 14 620. ორშაბათს, 30 მარტს ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი კლება და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები