fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში პირველად კორონავირუსით მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა

მედიცინის მუშაკის კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი მოხდა საქართველოში, კერძოდ, აჭარაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 მარტს ბათუმში კორონავირუსით ინფექციური საავადმყოფოს ექთანი, 50 წლამდე ქალი დაინფიცირდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ექთანს კავშირი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტთან, რომელიც არის „დაუმორჩილებელი და აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები“.

მისივე თქმით, ინფიცირებული ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გამოვლენილია მისი 15 კონტაქტი, მათ შორის არიან ოჯახის წევრები და მედპერსონალი. ყველა მათგანი კარანტინშია.

გასულ დღე-ღამეში, 30 მარტს დაფიქსირებული შემთხვევებიდან 5 გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურდა. 5-ივე ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირია.

ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ 19“-ით დაავადებული 14 პაციენტი იმყოფება. მათგან ექვსი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

ექიმების ინფორმაციით, შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს დაავადება COVID-19 რესპუბლიკური საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანილ 65 წლამდე მამაკაცთან, რომელსაც ცხელება და პნევმონია აქვს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 30 მარტს კიდევ ორი ახალი ინფიცირებული შევიდა – 23 გოგონა და 63 წლის ქალი. კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანი თქმით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათ გარდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 15 ინფიცირებული მკურნალობს. ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, ერთი მათგანი 62 წლის მარნეულელი ქალია.

ლევან რატიანის თქმით, მათ კლინიკაში მყოფი 17 პაციენტიდან  რამდენიმე ახალშობილია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია, არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სტაბილურია 26 წლის ბოლნისელი ფეხმძიმე პაციენტის მდგომარეობაც. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, გამოჯანმრთელებულებს მალე შეემატება 3 პაციენტი მათი კლინიკიდან.

კორონავირუსი დაუდგინდა ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან ნათესავმა მიიყვანა, იქიდან კი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ქალს ცხელება და ხველა აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია. „ჩვენთვის ცნობილია მისი კონტაქტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არიან ჩვენი მედიკოსები, რომლებიც შესაბამისად იყვნენ აღჭურვილნი, თუმცა რისკის ქვეშ რჩება მისი ძმისშვილი და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მოწერელიამ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კლინიკაში ლაბორატორიიდან 10 საეჭვო პაციენტის პასუხი მიიღეს და აქედან მხოლოდ ერთი იყო დადებითი – „კოვიდ 19“ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. ქამუშაძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საშუალო სიმძიმისაა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი ტიპის კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ კლინიკა რამდენიმე საათის წინ დატოვეს.

დღეს კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის მქონე სამი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით ხუთი პაციენტი მკურნალობს.

„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 13 პაციენტი. მათგან ხუთი არის „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით. ამ ხუთი პაციენტის დაავადების მიმდინარეობა არის საშუალო სიმძიმის. კლასიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. აქედან ორი მცირეწლოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 104 შემთხვევაა დადასტურებული. 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 დაავადებული, ავსტრიის მოქალაქეები, სპეციალური რეისით ავსტრიაში დააბრუნეს, ასე რომ, ახლა საქართველოს კლინიკებში COVID-19-ის დიაგნოზით 82 პაციენტს მკურნალობენ. ოფიციალური ინფორმაციით, ყველა ახალი ფაქტის შემთხვევაში წყარო და კონტაქტები დადგენილია.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი.

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close