fbpx
პოლიტიკასაქართველო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (ვიდეო)

ყოფილი შს მინისტრი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს

საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს დილით დატოვა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეზე დამნაშვედ ცნო.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მოხარულია ოპოზიციის გაერთიანებით და ამ ერთიანობით დამარცხდება დღევანდელი ხელისუფლება, თვითონაც ჩაერთვება აქტიურ პოლიტიკაში „ამ რეჟიმის დასამარცხებლად“, თუმცა კონკრეტულად რომელ პარტიასთან ერთად, ამას მოგვიანებით გადაწყვეტს.

მერაბიშვილის თქმით, დღემდე განცხადებებს არ აკეთებდა, რადგან იზოლაციაში იმყოფებოდა და ჩამოცილებული იყო ყოველდღიურ პროცესებს.

„ჩემი უახლოესი მეგობრები და, მათ შორის, თანამებრძოლები, თანაპარტიელები, ჩემდა სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველას აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და თუ საჭირო გახდება, მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დასკვნებით გავაკეთებ. მე მჭირდება გარკვეული დრო“, – განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა. აღნიშნულ საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალდება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ადვოკატ ოთარ ოთარ კახიძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის ციხეში შებრუნების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, თუმცა, მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ „არაფერია გამორიცხული“.

radiotavisufleba.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close