მსოფლიოპოლიტიკაnews

თეთრი სახლი: პრეზიდენტი სრულად გამართლდა „ფიქტიური“ იმპიჩმენტის პროცესზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე სენატში გამართული კენჭისყრის დასრულების შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არის სრულად გამართლებული და რეაბილიტირებული „ფიქტიური“ იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე.

„როგორც ვამბობდით, ის უდანაშაულოა. სენატმა მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის დაუსაბუთებელ ბრალდებებს და მხოლოდ პრეზიდენტის პოლიტიკურმა ოპონენტებმა – ყველა დემოკრატმა და ერთმა არშემდგარმა პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, – დაუჭირეს მხარი იმპიჩმენტის შეთითხნილ მუხლს“, – ნათქვამია თეთრი სახლის 5 თებერვლის განცხადებაში.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ორი მუხლით: უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის.

5 თებერვალს სენატში გამართულ კენჭისყრაში პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით 52-მა სენატორმა პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო, 48-მ – დამნაშავედ.

მეორე ბრალდების თაობაზე კენჭისყრაში დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ მიიჩნია 53-მა სენატორმა, დამნაშავედ – 47-მა.

კენჭისყრის დასრულებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა თავად დონალდ ტრამპი, რომელიც წერს, რომ საჯარო განცხადებას გააკეთებს (დღეს, თბილისის დროით საღამოს 21:00 საათზე – რედ.) „გამოგონილ იმპიჩმენტზე ჩვენი ქვეყნის გამარჯვების შესახებ“.

წყარო: radiotavisufleba.ge

p. s. მოვლენების ამგვარი განვითარება მოსალოდნელიც იყო. დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტია, თეთრი სახლის მესამე მკვიდრია, რომელსაც იმპიჩმენტი შეეხო (პირველი იყო ენდრიუ ჯონსონი 1868 წელს – სამხედრო მინისტრის უკანონო გადაყენების საქმეზე; მეორე – ბილ კლინტონი, 1998-1999 წლებში ცრუ ჩვენებისა და მართლმსაჯულებისთვის დაბრკოლების შექმნისთვის მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებულ საქმეზე; ორივე პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა სენატმა ორივე გაამართლა, რადგან სენატში იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმათა 2/3 ვერ მოგროვდა).

ამავე თემაზე: წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი გამოაცხადა, რა იქნება შემდეგ?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close