მსოფლიომოგზაურობა

კორონავირუსის 10 შემთხვევა: გემის 3700 მგზავრი 14-დღიან კარანტინში (ფოტოები და ვიდეო ლაინერიდან)

საკრუიზო ლაინერზე 80 წლის ჰონკონგელი პენსიონერი იმყოფებოდა

იაპონიაში საკრუიზო ლაინერზე ე. წ. უჰანის პნევმონიის 10 შემთხვევა გამოავლინეს, რომელიც 2019-nCoV ვირუსითაა გამოწვეული. გემის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომლის ბორტზე 3700-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, ლაინერი იოკოჰამის სანაპირო აკვატორიაში 14-დღიან  კარანტინზე იდგება. ამის შესახებ BBC წერს.

საკრუიზო ლაინერი „დაიმონდ პრინცესს“ (Diamond Princess) იოკოჰამიდან 20 იანვარს გავიდა, გაიარა მარშრუტი კაგოსიმა-ჰონკონგი-ოკინავა და ორშაბათს, 3 თებერვალს უკან, იოკოჰამაში დაბრუნდა. ამ დროისათვის რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გამოეკვლიათ.

როგორც დღეს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ექიმებმა 10 ადამიანს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია დაუდგინეს. ხელმძღვანელობის ვარაუდით, ინფექცია მათ შესაძლოა ჰონკონგელი პენსიონერისგან გადასდებოდათ.

კომპანიის მონაცემებით, 80 წლის მამაკაცი, რომელიც იაპონიაში თვითმფრინავით ჩაფრინდა, საკრუიზო ლაინერის ბორტზე 20-იდან 25 იანვრამდე იმყოფებოდა. როდესაც იგი ჰონკონგში დაბრუნდა, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს.

ხელმძღვანელობის თქმით, ლაინერის ყველა მგზავრი, რომლებსაც ვირუსი გამოუვლინდათ, კანაგავის პრეფექტურის საავადმყოფოში მოათავსეს. მათ შორის 3 იაპონიის მოქალაქეა, 3 – ჩინეთის, 2 – ავტრალიის, ერთი – აშშ-ის და ერთი – ფილიპინების (ეკიპაჟის წევრი).

იაპონური ტელეარხის, NHK-ის მონაცემებით, 4 დაავადებულის ასაკი 50-იდან 60 წლამდეა, კიდევ ოთხის – 60-იდან 70 წლამდე, ერთი პაციენტი 70-ს გადაცილებულია, ერთი კი – 80 წელზე მეტისაა. ტელეარხის მტკიცებით, მათგან არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის.

საკრუიზო კომპანიის მონაცემებით მთლიანობაში ლაინერზე 2666 მგზავრი და ეკიპაჟის 1045 წევრი იმყოფებოდა. მათგან დაახლოებით ნახევარი იაპონიის მოქალაქეა, დანარჩენი – 56 სხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის 24 მოქალაქე.

საკრუიზო ლაინერის ოპერატორი ხაზს უსვამს, რომ კარანტინის პირობებში მყოფ მგზავრებს ყველაფრით უზრუნველყოფენ, რაც აუცილებელია – კვების პროდუქტებით, უფასო ინტერნეტით და სატელეფონო კავშირით.

ერთ-ერთმა მგზავრმა ტვიტერში ლაინერზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close