ქართველები უცხოეთშიიტალიამიგრაცია

ემიგრანტი ქალის წერილები: „ემიგრანტს სამი ცხოვრება აქვს – სააქაო, საიქიო და ემიგრანტული“

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც…

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია…

გაეცანით იტალიიდან საქართველოში გამოგზავნილ სოფო თებიძის გზავნილს.

გურიაში, ოზურგეთის რაიონში ვცხოვრობდი. შვიდი წლის მანძილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში ვმუშაობდი. პარალელურად ოზურგეთის ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრში უფროსი ექთანი ვიყავი. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახისა და საყვარელი საქმის დატოვება მაინც მომიწია. ამის უმთავრესი მიზეზი ფინანსური პრობლემა გახდა.

ემიგრაციაში ორ წელზე ცოტა მეტია ვიმყოფები და პრობლემებსაც ნელ-ნელა ვაგვარებ. მადლობა ამ ქვეყანას და ხალხს, რომ  საკუთარი სახლის კარები გაგვიღო და შანსი მოგვცა, რომ უკეთესი მომავალი შეგვექმნა. „ემიგრაცია“ – ამ სიტყვის დატვირთვა ყველამ კარგად იცის, მაგრამ მე ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი.

არსებობს ასეთი გამოთქმა: „სადაც არ ხარ, ყველგან კარგიაო“ – ასეთია ადამიანის ბუნება, თუმცა ცუდს მაინც ვერ ვხედავ იმაში, რომ ყოველთვის ძიებაში უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან და ყოველთვის მოიძებნება. წუნუნი არ მიყვარს და არც ახლა ვაპირებ, ერთადერთი, რაც მართლაც წარმოუდგენლად მტკივნეულია – მონატრებაა ოჯახის, ახლობლების და საკუთარი საქმის…

ქართველები მართლმადიდებლები ვართ და ვამბობთ, რომ არსებობს ორი ცხოვრება – ამქვეყნიური და იმქვეყნიური. ახლა, როცა ემიგრაციაში ვარ, დავამატებდი, რომ ემიგრანტს სამი ცხოვრება აქვს – სააქაო, საიქიო და ემიგრანტული. ეს მდგომარეობა ცხოვრების არცერთ ეტაპს არ ჰგავს არანაირ ასპექტში. აქ ურთიერთობის კუთხით დიდ გამოცდილებას ვიღებთ, აქ ყველაფერი უფრო სხვანაირად დასაფასებელი და მოსაფრთხილებელია. მთავარია, სადაც უნდა ვიყოთ, ღირსება არ დავკარგოთ. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რაც აქ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება, იუმორია. რომ არა ის, გაცილებით  გაგვიჭირდებოდა სირთულეების დაძლევა, ამიტომ როცა ემიგრანტებმა ფეისბუქ-ჯგუფი „ემიგრანტები იტალიაში/LA MIA GEORGIA“ შევქმენით, მასზე ანეკდოტების და სახალისო სტატიების გამოქვეყნება დავიწყე. ჩემი სახალისო ამბები, ძირითადად, გურულებზეა – ამით ჩემი კუთხის ნოსტალგიას ვიკლავ ხოლმე. გურულების განსაკუთრებული იუმორი ყველასთვის ცნობილია, ის აქ ყოველდღიურობას გვიხალისებს. ამ ჯგუფს ჰყავს არაჩვეულებრივი დამფუძნებელი და შესანიშნავი ადმინისტრატორები, რომლებიც ემიგრანტებზე მართლა ზრუნავენ. მათი დახმარებით ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება, რისთვისაც ყველას სახელით მადლობას ვუხდი.

რაც შეეხება დაბრუნებას, სამწუხაროდ, არ მაქვს პასუხი კითხვაზე – როდის დავბრუნდები, თუმცა მჯერა, რომ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება – მე ხომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ!..

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close