fbpx
კრიმინალიპოლიტიკასაქართველო

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერაქტისთვის იდეოლოგიურად მომზადებული იყო და პირად საუბრებში თბილისში, სადგურის მოედანზე თავის აფეთქების სურვილს გამოთქვამდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში სადგურის მოედანზე თავის აფეთქების სურვილს გამოთქვამდა.

როგორც გოგაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამაზე მეტყველებს გამოძიების ფარგლებში აღდგენილი თემირლან მაჩალიკაშვილის „ვოთსაფის“ მიმოწერები.

„არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომ მოხდეს მონაცემების აღდგენა, რომელიც წაშლილი იყო ტელეფონიდან. დაგვეხმარნენ ევროპელი პარტნიორები და რომ არა მათი დახმარება, შეიძლებოდა, ბევრი მტკიცებულებები არ ამოსულიყო. ძალიან მაგრად იმუშავეს ჩვენმა ექსპერტებმაც, რადგან მაქსიმალურად ბევრი ტექნიკურად მასალა ამოიღეს. ვინც დავაკავეთ, ყველა იყო ტერორისტული ორგანიზაციის უზრუნველყოფაში. მაჩალიკაშვილზე შემიძლია, ვთქვა, რომ შეიძლება ყველაზე მეტი მტკიცებულება არ იყო მის მიმართ, სხვაზე მეტი ნამდვილად იყო. მაჩალიკაშვილი ნამდვილად იყო სხვადასხვა მიმართულებით აქტიური დამხმარე“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ჩანაწერი მეტყველებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იდეოლოგიურად მომზადებული იყო.

„ის ესაუბრება გოგონას, სადაც თავს წარმოაჩენს და თავს მომზადებულად თვლის, რამდენად არის დაახლოებული ის ცნობილ ტერორისტებთან, რომ იმხელა ნდობა და ვალდებულება მისცეს, რომ არ არის მარტივი, შაჰიდის ქამარი გაიკეთო და თავი აიფეთქო. ეს ერთ-ერთი მიმანიშნებელი იყო. გარდა იმისა, რომ ის ფულად ანაზღაურებას იღებდა და ჩვენ მისი სახლიდან 23 000 ამოვიღეთ და ის ამავდროულად იყო მზად იდეოლოგიურად. ჩანაწერში იყო საუბარი ვაგზლის მოედანზე თავის აფეთქების სურვილზე. სავარაუდოდ, იმ გოგონას აჩვენებს რაღაც ვიდეოს, რომელიც მას ძალიან ბევრი ჰქონდა თავის ტელეფონში. ტელეფონში იყო ასევე ტერორისტების ვიდეოები და ფოტოებიც, სადაც 17-18 წლის ბიჭები თავს იფეთქებენ. სავარაუდოდ, ასეთი ვიდეო აჩვენა და უხსნის, რომ შედის თეთრი მანქანა ისტიშხადს აკეთებს. უხსნის ყველაფერს და მერე თქვა, რომ მეც ამას გავაკეთებ“, – თქვა სოსო გოგაშვილმა.

როგორც გოგაშვილმა აღნიშნა, სპეცრაზმელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აქვს ლეგიტიმური უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოს საკუთარი თავისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება.

„დავუშვათ, არ იყო ხელყუმბარა, მოდი მოვახდინოთ მოდელირება – შედის სპეცრაზმელი და ეუბნება, მაჩვენე ხელები, ის იწყებს რაღაც მოძრაობებს, სპეცრაზმელს იმწუთას აქვს ლეგიტიმური უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მან უნდა უზრუნველყოს საკუთარი თავისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება.

ხელყუმბარა ნამდვილად იყო საძინებელში. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვენდობი იქ მყოფ თანამშრომლებს. იქ იყვნენ როგორც სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისე კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვის თანამშრომლები, რომლებმაც ეს ყველაფერი ნახეს. ამის შემდეგ ჩაერთო პროკურატურა და ამოღება გაკეთდა ხელყუმბარისხელყუმბარაზეც იყო დნმ-ის ანაბეჭდები, სისხლის კვალიც და თითის ანაბეჭდებიც. სისხლი ეკუთვნოდა მაშინ დაჭრილს და შემდეგ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს. ამოვიდა დნმ და ამით მოხერხდა იდენტიფიცირება და ამოვიდა თითის ანაბჭდები, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩათვალა. ფაქტი სახეზეა და დევს ექსპერტის დასკვნები.

პროკურატურამ გამოძიება ჩაატარა, დაკითხა ათობით ადამიანი. ათასი ტყუილი მოიგონეს, თითქოს მისამართი შეგვეშალა. ორი წელია მიდის საუბარი, რომ სხვაგან უნდა შესულიყვნენ და შეეშალათ მისამართიო. არ შეგვშლია და სასამართლოს განჩინება იყო დაკავებაზე. მეორე ტყუილი, რომ თითქოს ეძინა. ტელეფონი ჩართული იყო, ეღვიძა და იყო ჩაცმული და მიდიოდა მეჩეთში, ვიღაცას უნდა შეხვედროდა. მესამე ტყუილი, რომ იქ ვიყავი. თქვენ მნახეთ პირადად და არ ვგავარ ხომ შავგვრემანს და დაბალს? ესე აღმწერდნენ და არ ვარ მგონი ასეთი. თავის უბედურებას სხვას ნუ აბრალებენ, თავის ოჯახს შვილი თავად წაართვა, როცა ამ ტერორისტულ ჯგუფს დააკავშირა“, – აღნიშნა გოგაშვილმა.

ის ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებსაც იხსენებს და გამოძიების მიერ სპეცოპერაციამდე და მის შემდეგ ამოღებული მტკიცებულებების შესახებ საუბრობს.

სოსო გოგაშვილის განცხადებით, სპეცოპერაციის ფარგლებში განეიტრალებულ პირებს ტერორისტული აქტების მოსაწყობად სამი ძლიერი სამიზნე ჰქონდათ. მისივე განმარტებით, აღნიშნული პირების ძირითადი სამიზნე მასობრივი თავშეყრის ის ადგილები იყო, სადაც ამერიკელები იქნებოდნენ.

„როდესაც დასრულდა სპეცოპერაცია და მოხდა დამნაშავეების ლიკვიდაცია, ჩვენ კოლეგებთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ ადგილის შესწავლა და ამოღება მასალის, რაც ადგილზე იყო და შემდეგ იქიდან მოხდა სწორედ ამ ინფორმაციების ამოღება. საუბარია ტელეფონების ნომრებზე, მიწერ-მოწერებზე, შეტყობინებებზე. ასევე, იქ იყო აუდიო-ვიდეო, ფოტო მტკიცებულებები… ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა საქართველო-ამერიკის რაგბის ნაკრებების ამხანაგური მატჩი, იყო ასევე ბავშვების ევროვიზია და აბრეშუმის გზის სამიტი.

ჰქონდათ სამი უძლიერესი სამიზნე შერჩეული, სადაც მსხვერპლი იქნებოდა ძალიან დიდი. ტერორისტული აქტი, სავარაუდოდ, იქნებოდა იმ ტყვია-წამლიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ამოვიღეთ, იმ აღჭურვილობით და იმ რაოდენობის ვაზნებით, რაც იყო ამოღებული.

სავარაუდოდ, ეს იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მასობრივი მკვლელობები, მასობრივი თავშეყრის ადგილებში და, რა თქმა უნდა, ბოლოს იქნებოდა, სავარაუდოდ, შაჰიდის ქამრის ამოქმედება. საბედნიეროდ, არ განხორციელდა და ადგილზე მოხდა ლიკვიდაცია და აღიკვეთა ტერორისტული აქტები. სამიზნე იყვნენ ამერიკელები, საუბრიდან რაც ირკვევა. ევროპელი კოლეგებისგანაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს ტერორისტული აქტი უნდა ყოფილიყო იმ მასშტაბის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს შეარყევდა, არამედ ევროპას და მსოფლიოსაც. წარმოიდგინეთ, ეს რას მოუტანდა საქართველოს და რამხელა დარტყმა იქნებოდა იმ მხრივ, რომ აქ შეიძლება, გაენადგურებინათ ჩვენი მოქალაქეები და ასევე ტურისტები“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close