მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე დააკავეს. იგი უკვე 6 თვეა პატიმრობაშია.
ვაჩნაძემ რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან ვიდეო გაავრცელა, სადაც მომხდარის შესახებ ჰყვება. მისი თქმით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საფრანგეთს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძეს არაბი მამაკაცის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ამავე საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს დააკავეს, როდესაც საფრანგეთიდან პოლონეთში მიდიოდა.
„ბრალდება არის მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება ქალაქ მონპელიეში, ჩემი სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მომხდარ ფაქტს, სადაც მოხდა სროლა. ამბობენ, ქართველები იყვნენო. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ დამაკავეს. თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელის სიმაღლე 170 სმ იყო, მე კი 2 მეტრი ვარ და არ ემთხვევა არაფერი. მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და შეუძლიათ გახსნან. მოსამართლე მეუბნება, რომ ვინაიდან მე ვიყავი აქტიური და საფრანგეთში ჩავატარე აქციები, შესაძლოა ხალხს დავეხმარო მიმალვაში და ამ გაუგებარი მოტივით ვიხდი სასჯელს. მე არ ვარ მსროლელი, საფრანგეთს ვთხოვ გაასაჯაროვოს მტკიცებულებები და თუ დამნაშავე ვარ გამასამართლონ, თუ არ ვარ, გამათავისუფლონ. ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდი საფრანგეთში, დანაშაული არ ჩამიდენია. ვიყავი პოლიტიკურად აქტიური, ვეხმარებოდი ემიგრანტებს და სწორედ ეს არ აწყობდათ. ამიტომ საფრანგეთის მთავრობას ვადანაშაულებ დევნაში“, – ამბობს მელორ ვაჩნაძე ვიდეომიმართვაში და დახმარებას სთხოვს როგორც ქართულ არასამთავრობოებს, ისე საზოგადოებას.
აღსანიშნავია რომ, მელორ ვაჩნაძე 2019 წლის დასაწყისში გერმანიაში ყოფნის დროსაც დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი მაღაზიაში მოპარული ფეხსაცმელი გახდა, თუმცა ვაჩნაძემ უარყო ეს ფაქტი და განაცხადა, რომ მისი დაკავება მოხდა პასპორტის არქონის გამო და რომ მან იზოლატორში სამი დღე გაატარა.
„საფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მელორ ვაჩნაძის საქმესთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური კავშირზეა ბატონ ვაჩნაძესთან და მას სთავაზობს დახმარებას. მელორ ვაჩნაძემ თანხმობა განაცხადა საკონსულო მომსახურების მიღებაზე. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ, საკონსულო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაიცავს მელორ ვაჩნაძის უფლებებს“, – განაცხადეს მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები