პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

რატომ უხდის მადლობას ცხინვალის ოს მოსახლეობას ვაჟა გაფრინდაშვილი

ორთვიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც საპატიმროში არსებულ პირობებზე და გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბიბილოვის სახელზე შეწყალების წერილი დაწერა, თუმცა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება არ უღიარებია. მისივე თქმით, მას აქვს შენახული წერილის ასლი, რომელიც ბიბილოვის სახელზე დაწერა.

გაფრინდაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ოსურ გაზეთებში გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს მან მოინანია დანაშაული.

„შეიძლება, გავრცელდეს ეს ინფორმაცია ოსურ გაზეთებში, რუსულენოვანში, რომ მე, თითქოს, მოვინანიე ჩემი დანაშაული, მაგრამ ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ იქ დუმილის უფლებას ვიყენებდი სასამართლოს მსვლელობისას. ნათქვამი მქონდა, რომ რაც ვთქვი დაკითხვაზე, იმას ვერც ვერაფერს დავამატებდი და ვერც გამოვაკლებდი“, – თქვა გაფრინდაშვილმა

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის იზოლატორსა და წინასწარი დაკავების განყოფილებაში არსებულ პირობებზეც ისაუბრა. ექიმის თქმით, როგორც მის, ისე სხვა ქართველების მიმართ, რომლებიც ასევე იყვნენ დაკავებულები, ცხინვალის იზოლატორის წარმომადგენლების დამოკიდებულება იყო ნორმალური და მას განსაკუთრებული ზეწოლა ან ცუდი დამოკიდებულება არ განუცდია.

გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ საბოლოო სიტყვაში მადლობა გადაუხადა ოს ხალხს, რადგან მისთვის თვე-ნახევრის განმავლობაში ადგილობრივებს შეჰქონდათ გზავნილები.

„იყო გზავნილები ჩემს სახელზე ადგილობრივი მოსახლეობისგან, იმ მოსახლეობას მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, იმის გამო, რომ ჩემ გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ისინი ჩემ გამო შეაწუხეს. იგივე სიტყვები ვთქვი მე იქ და შეიძლება თავიანთი ინტერპრეტაცია მისცეს. მე ბოდიში მოვუხადე იმ ხალხს იმისთვის, რომ შეაწუხეს ჩემ გამო და არა იმის გამო, რომ მე ისინი შევაწუხე“, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გათავისუფლდა. საოკუპაციო ძალებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს და ე. წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენეს. მას ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

მომზადებულია publika.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close