fbpx
კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

15 წლის მოზარდის მკურნალობაში, რომელმაც თვითმკვლელობა ცადა, ისრაელის წამყვანი სპეციალისტები ჩაერთვებიან

15 წლის მოზარდის მკურნალობაში, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ქართველ ექიმებთან ერთად ისრაელის წამყვანი ჰოსპიტლების სპეციალისტები ჩაერთვებიან – ამ ინფორმაციას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი განცხადებით, კლინიკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კოორდინაცით 17 დეკემბერს თბილისში ისრაელის წამყვანი ჰოსპიტლების ნეიროქირურგიული დეპარტამენტის დირექტორი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ჩამოფრინდნენ. ისინი ქართველ ექიმებთან ერთად განსაზღვრავენ 15 წლის მოზარდის სამედიცინო მდგომარეობას და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.

11 დეკემბერს მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ ცადა და მე-9 სართულიდან გადახტა, რაც იგი პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

10 დეკემბრის ღამეს დიღომში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე, კლასებში და დაფებზე გაჩნდა სხვადასხვა შინაარსის წარწერები: „ამ ცხოვრების დედაც“, „აბა დამიჭირეთ“, „Hot Shot“, „Fack the Law“, ჯამში, რამდენიმე ათეული წარწერა.

„მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ მომხდარი ფაქტი პოლიციას შეატყობინა.

ბიჭის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მასზე პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად ფსიქოლოგიურად იძალადეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოზარდმა ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას და თავის მოკვლა ცადა.

ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ, თუმცა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე  დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს და განყოფილების გამომძიებელს უფლებამოსილება მათივე ინიციატივით შეუჩერდათ.

ამასთან, შსს-ს ცნობით, საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს.

თბილისის მე-100 საჯარო სკოლა თავის მოსწავლეს, 15 წლის ლუკა სირაძეს მხარდაჭერას უცხადებს: „ჩვენი სკოლის მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე იმყოფება იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე, უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ, მთელი სკოლა ვგულშემატკივრობთ ლუკას, ძალიან დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და ყველაფერი კარგად იქნება! ლუკა, ჩვენ შენ გვერდით ვართ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“ – ნათქვამია სკოლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც ლუკას ფოტოები და კომენტარები ერთვის.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close