fbpx
ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებასაბერძნეთი

სოტი ტრიანდაფილუს წიგნის კიდევ ერთი პრეზენტაცია – ამჯერად ქართული დიასპორის მონაწილეობით

16 დეკემბერს ათენში, სინდაღმაზე, მაღაზია „პაბლიკში“ გაიმართა სოტი ტრიანდაფილუს წიგნის – „ლუნა პარკი წმინდა მთაზე“ – მორიგი პრეზენტაცია. 20 ნოემბერს გამართულმა პრეზენტაციამ, რომელიც ჩვენ გავაშუქეთ, საბერძნეთის ქართული დიასპორის მღელვარება გამოიწვია. გვაინტერესებდა, ამჯერად რა მოხდებოდა და კიდევ ერთხელ დავესწარით ღონისძიებას.

თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ მეორე პრეზენტაცია პირველისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. მწერალი აშკარად უფრო მომზადებული ჩანდა. მისი მსჯელობა გამოცდილი მეცნიერის, სოვიეტოლოგის ლექციას უფრო ჰგავდა, ვიდრე ხელოვანის საუბარს საკუთარ ნაწარმოებზე. განსაკუთრებით თბილი და კორექტული იყო იგი ქართველების მიმართ. რაც მთავარია, ამჯერად პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო ბოლშევიკებმა დაიპყრეს. იქნებ ვცდები, მაგრამ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მას ამ ფრაზის წარმოთქმა ცოტა გაუჭირდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან მწერლის მიმოწერამ, რომელიც ჩვენმა საიტმა საელჩოს ნებართვით გამოაქვეყნა, თავისი როლი ითამაშა. მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ მწერალი გულწრფელად დაეთანხმა ჩვენი საელჩოს არგუმენტებს და ეს არ იყო გარკვეული გარემოებებისადმი ქედის მოხრა.

დარბაზში იმყოფებოდნენ როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს, ისე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
სხვათა შორის, 20 ნოემბრის შემდეგ სოტი ტრიანდაფილუმ რამდენიმე პრეზენტაცია კიდევ გამართა, მათ შორის, ათენშიც (ორი პრეზენტაცია საბერძნეთის სხვა ქალაქებში გაიმართა). ცოდვა გამხელილი ჯობს და ამ პრეზენტაციების შესახებ შეგნებულად არ დავწერე, რადგან მინდოდა ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, ვისაც ეს სურდა, წლის მთავარ პრეზენტაციაზე ერთად მისულიყვნენ „პაბლიკის“ შესანიშნავ დარბაზში და თავიანთი ერთობლივი პოზიცია დაეფიქსირებინათ. მით უმეტეს, პირველი პრეზენტაციის გაშუქების შემდეგ არაერთმა გამოხატა თავისი აღშფოთება მწერლის გარკვეული გამონათქვამების გამო. მართალია, არც ისე ბევრი ადამიანი მოვიდა, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მწერალს საელჩოს გარდა სხვებმაც უთხრეს იმ სამართლიანი აღშფოთების შესახებ, რაც მისმა გამონათქვამებმა გამოიწვია.

პრეზენტაციას მცირე სკანდალის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ერთმა ბერძენმა ჟურნალისტმა, კომუნისტმა, რომელიც მისივე თქმით, არაერთხელ ყოფილა საქართველოში, მწერალი სტალინისადმი მისი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა, მაგრამ პრეზენტაციის წამყვანისა და თავად მწერლის გონივრულმა პასუხებმა სიტუაცია მალე განმუხტა. წამყვანი ამჯერად ძალიან განათლებული და დახვეწილი პიროვნება გამოდგა, რომელმაც პრეზენტაციის საინტერესოდ წარმართვა მოახერხა. ამ მხრივ ის მკვეთრად განსხვავდებოდა 20 ნოემბერს „პლიადესში“ გამართული ღონისძიების წამყვანისგან.

გიორგი ჯანელიძე

p. s. პრეზენტაციის შემდეგ საბერძნეთში საქართველოს ელჩის თანაშემწემ ქალბატონმა ანი უძილაურმა მწერალს 3 წიგნი აჩუქა: „ვეფხისტყაოსანი“ ბერძნულად, „კულტურა და მხატვრული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918-1921)“ ინგლისურად და „მედეა – კოლხეთიდან კოლხეთამდე“, ქალბატონ რუსუდან ცანავას მეცნიერული ნაშრომი, ასევე, ინგლისურად.

 

 

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close