fbpx
ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებასაბერძნეთი

როგორ გამოეხმაურა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სოტი ტრიანდაფილუს წიგნის პრეზენტაციას – საელჩოსა და მწერლის მიმოწერა

ჩვენი საიტის მიერ გაშუქებულმა, ბერძენი მწერლის, სოტი ტრიანდაფილუს წიგნის პრეზენტაციამ, რომელიც 20 ნოემბერს ათენში გაიმართა, ქართული დიასპორის ვნებათაღელვა გამოიწვია. საკითხს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოც გამოეხმაურა. ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური მისია მწერალს მისი პოზიციის გარკვევის მიზნით დაუკავშირდა. სოტი ტრიანდაფილუმ საელჩოს მიმოწერის გასაჯაროების ნებართვა მისცა, ხოლო საელჩომ ეს მასალა ჩვენ მოგვაწოდა. მადლობას მოვახსენებთ ჩვენს დიპლომატიურ უწყებას გულისხმიერებისთვის და გთავაზობთ მიმოწერის არსობრივ თარგმანს. მიმოწერის შეფასება მკითხველისთვის მიგვინდვია. დედანი ბერძნულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ წერილის ბოლოს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მცდარი მოსაზრებები გამოითქვა მხოლოდ პრეზენტაციაზე, ასეთი მოსაზრებები და საქართველოს საწინააღმდეგო გამონათქვამები თავად წიგნში არ არის. მწერალთან საელჩოს მიმოწერა პრეზენტაციაზე გამოთქმული მცდარი მოსაზრებების საპასუხოა და არ ეხება უკვე დაბეჭდილ და გავრცელებულ წიგნს.

თავდაპირველად გთავაზობთ საელჩოს პირველი წერილის სრულ თარგმანს, რომელშიც დიპლომატიური მისია მწერალს საკუთარ პოზიციას აცნობს:

„პატივცემულო ქალბატონო ტრიანდაფილუ,

პირველ რიგში, მსურს, მოგილოცოთ თქვენი ახალი წიგნის „მთაწმინდის პარკი“ გამოცემა და წარმატებები გისურვოთ.

მსურს შევეხო თქვენი წიგნის პრეზენტაციას, რომელიც გაიმართა ქ. ათენში მიმდინარე წლის 20 ნოემბერს.

ნება მიბოძეთ, აღვნიშნოთ, რომ პრეზენტაციაზე გაკეთდა მცდარი განცხადებები როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, ისე ქართველი ხალხისთვის რამდენიმე საკმაოდ მგრძნობიარე საკითხზე. ამ უზუსტობებმა ქართული დიასპორის გულისწყრომა გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, ბუნებრივია, გახლდათ ქართული ენა, რომელიც, უდავოდ, ქართველი ხალხის იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ცენტრალური ფაქტორია და რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ენას წარმოადგენს. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი.

პატივცემულო ქალბატონო ტრიანდაფილუ, თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსეთის ჯარი 1921 წელს არ შესულა საქართველოში, როგორც ეს ქართულ სკოლებში ისწავლება, არ მოუხდენია ანექსია და არ დაუმყარებია ძალისმიერი გზით კომუნისტური მმართველობა“, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვეცდები, მაქსიმალურად მოკლედ ჩამოვთვალო ის ისტორიული ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ  პერიოდში.

1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული თარიღია. ამ დღეს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წლის მაისში მოიპოვა, რუსეთის იმპერიის საუკუნოვანი უღლიდან თავის დაღწევის შედეგად. 1921 წლის თებერვალში წითელი არმია შემოვიდა საქართველოში. ეს გახლდათ საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობა, ბოლშევიკური მმართველობის დამყარების მიზნით. შედეგად, 1921 წლის 17 მარტს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ევროპაში ემიგრირებულიყო. მას შემდეგ ქართველი ხალხის ყველა მცდელობა, დაებრუნებინა დამოუკიდებლობა, არაერთხელ ჩაახშო საბჭოთა ჯარმა ძალისმიერი გზით (1956 წლის 9 მარტი, 1989 წლის 9 აპრილი).

ნება მიბოძეთ, ამ საკითხებთან დაკავშირებით გაგახსენოთ, რას წერდა ბერძენი მწერალი ნიკოს კაზანძაკისი თავის წიგნში „ტოდა-რაბა“, რომელსაც საქართველოს ახალი ისტორიის გასააზრებლად საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ნაწარმოებში მწერალი სამ თავს უთმობს საბჭოთა რეჟიმის დროინდელი საქართველოს აღწერას და თვალსაჩინოდ ხატავს 20-იანი წლების გარემოს, ქვეყანაში შექმნილი პროცესებისა და განწყობის სურათს. აი, როგორ აღწერს ბერძენი მწერალი თავისუფლებადაკარგულ თბილისს:

„ზანტად გაწოლილა ქალაქი მტკვრის გაღმა-გამოღმა. კეკლუცი, შიშველი და იდუმალებით აღვსილი, ვითარცა ქალი. საუკუნეების განმავლობაში მოიწევდნენ შეუპოვარი პრეტენდენტები ქვეყნიერების ყველა კუთხიდან. ერთ ხელში ჯვარი ეპყრათ და ნახევარმთვარე წითელი ვარსკვლავისათვის, მეორეში – ხმალი: ბიზანტიელები, სპარსელები, სარკინოზები, რუსი მეფენი, ბოლშევიკები. ჩინგიზ ხანმა ისეთი ძალით მოიზიდა სარეცელზე, რომ აზიდულ „კალას“ გვირგვინი მტკვარში გადაუგორდა, ბევრმა იგემა მისი სხეული, მაგრამ გული მისი ვერვინ დაიპყრო, ახლაც, მედგრად უმკლავდება წითელი ჯარის ხვევნას“ (ნიკოს კაზანძაკისი, „ტოდა-რაბა“, თამარ მესხის თარგმანი).

კაზანძაკისის რომანის ერთ-ერთი გმირი ამბობს: „თავისუფლება გვინდა, არა ვართ არც კომუნისტები და არც რეაქციონერები, ქართველები ვართ. იდილიური სიზმარი დამოუკიდებელი საქართველოსი მოაზროვნე ადამიანისთვის შეუფერებელი ქიმერაა. საქართველო გადამწყვეტ გეოგრაფიულ და ფსიქოლოგიურ არეალშია. იგი ორი ძალის შუაა მოქცეული, ახალი საბჭოთა ძალისა – რომლის მიზანიცაა, შთანთქას მთელი აზია და ძველი – კაპიტალისტური ძალისა, რომელიც ცდილობს, მას შეეწინააღმდეგოს. საბრალო საქართველო ორ უზარმაზარ დოლაბს შორის მოქცეულ ხორბლის მარცვალს ჰგავს“ („ტოდა-რაბა“, თარგ. თ. მესხი).

ქალბატონო ტრიანდაფილუ, რაც შეეხება თავად თქვენს ახალ წიგნს, ის ინტერესით წავიკითხეთ და კიდევ ერთხელ გვინდა გისურვოთ წარმატება თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ წიგნის შემდგომ პრეზენტაციაზე Public-ში ერთმანეთთან შეხვედრისა და აზრების ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა გვექნება.

P. S. ვსარგებლობ შემთხვევით და გაცნობებთ, რომ ბერძნულ ენაზე გამომცემლობა „პაპასოტირიუს“ მიერ გამოცემულია ქართველი მწერლის, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ (ISBN: 9789604910953, ქ. ათენი, 2014 წელი), რომელიც, თქვენი რომანის მსგავსად, თვითმფრინავის გატაცების ცნობილ ისტორიას ეხება.

პატივისცემით,

ანი უძილაური

ქ. ათენში საქართველოს საელჩო“

———————————

პასუხად მწერალი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე საელჩოსგან განსხვავებული აზრი არ აქვს და რომ პრეზენტაციისას უბრალოდ მიუთითა საქართველოში ბოლშევიკური მოძრაობის არსებობის, ასევე, ანექსიაში ქართველი ბოლშევიკების (სტალინი, ორჯონიკიძე და სხვანი) თანამონაწილეობის შესახებ. წიგნი არ წარმოადგენს ისტორიულ ნაშრომს, არის მხატვრული ნაწარმოები და მასში მოქმედება მეოცე საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში, ისტორიული პროცესების ფონზე ხდება (Δεν διαφωνούμε καθόλου! Αυτό που είπα στις Πλειάδες, αν και το βιβλίο μου είναι μυθιστόρημα, όχι ιστορία, είναι ότι και στη Γεωργία υπήρχε κίνημα των μπολσεβίκων, ότι δεν επρόκειτο μόνο για προσάρτηση αλλά για συμπαιγνία των τοπικών μπολσεβίκων (Όρντζονικιτζε, Στάλιν κτλ) με τους Ρώσους μπολσεβίκους. Η ιστορία του βιβλίου τοποθετείται στη δεκαετία του 1980, οπότε βεβαίως και παρουσιάζονται στο φόντο οι απελευθερωτικοί αγώνες της Γεωργίας έναντι των Ρώσων και της ΕΣΣΔ. Πραγματικά, δεν υπάρχει καμιά διαφωνία, απλώς πρόκειται για μυθοπλασία, όχι για ιστορία).

იქვე მწერალი აღნიშნავს: „მინდა იცოდეთ, რომ ნამდვილად გვიყვარს ქართველები და მათ ჩვენს ძმებად ვთვლით“ (Να ξέρετε ότι αγαπάμε πολύ τη Γεωργία και θεωρούμε τους Γεωργιανούς αδέρφια μας). შემდეგ სოტი ტრიანდაფილუ აცხადებს, რომ შეისწავლა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ქართული კულტურის და ენის თაყვანისმცემელი გახდა. ვინც წიგნს წაიკითხავს, ამაში თავად დარწმუნდება (Έχω μελετήσει τη μακρά ιστορία σας και είμαι μεγάλη θαυμάστρια του πολιτισμού σας: αν διαβάσετε το βιβλίο θα διαπιστώσετε την αγάπη με την οποία περιγράφω τη Γεωργία).

ბოლოს მწერალი საელჩოს სთხოვს წიგნთან დაკავშირებით პატარა ტექსტის გამოქვეყნებას, რომლის სრულ თარგმანსაც გთავაზობთ:

„ძალიან მაინტერესებს „რეალიზებული სოციალიზმის“ ქვეყნები. ვსწავლობდი „ცივი ომის“ ისტორიას და სპეციალიზებული ვარ საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცა ეს წიგნი არის მხატვრული ნაწარმოები. ზოგიერთ რომანში აღვწერ, თუ როგორ წარმოიშვნენ სოციალისტური საზოგადოებები, როგორ იცხოვრეს და როგორ დაასრულეს თავიანთი არსებობა. ყოველ ჯერზე რომელიმე ერთ ეპოქაზე ვაკეთებ ფოკუსირებას და აღვწერ განსხვავებულ ადგილებს. რომანში „ფანქრების საწარმო“ (Εργοστάσιο των μολυβιών) აღვწერ ბოლშევიკების რევოლუციას და საბჭოთა კავშირის პირველ წლებს. მეორე ნაწარმოებში, რომლის სახელწოდებაა „იშვიათი მიწები“ (Σπάνιες γαίες) მოთხრობილია სტალინური ეპოქის შესახებ და მოქმედება ხდება ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში, არქტიკული წრის ზონაში. წიგნში, რომელიც საქართველოს ეხება, მოქმედება ხდება საბჭოთა საქართველოს ბოლო წლებში. საბჭოთა ექსპერიმენტი, საბჭოთა უტოპია წარმოადგენდა ადამიანურ ტრაგედიას. ტრაგედია მხატვრული ლიტერატურის მასალას წარმოადგენს. წიგნზე მუშაობისას შთაგონებული ვიყავი ერთი ნამდვილი ამბით, რომელიც მხატვრულად დავამუშავე. წიგნში მოთხრობილ ისტორიას სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მით უმეტეს, ამ ამბის შესახებ ბევრი წიგნი დაწერილა, ფილმები გადაღებულა და სპექტაკლებიც დაუდგამთ. შევეცადე, მაქსიმალურად ღრმად გადმომეცა საბჭოთა სიბნელე და ქართველების სწრაფვა სინათლისკენ. ვცდილობ, მხატვრულად აღვწერო ქართული საზოგადოება „პერესტროიკისა“ და მის წინა ეპოქაში, თუმცა ეს არაა პოლიტიკა და არც ეთნოლოგია. ეს არის ახალგაზრდა ჟურნალისტის, ირინე ნოზაძის ამბავი, რომელიც ცდილობს იპოვოს ჭეშმარიტება და საკუთარი თავიც.

ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა ღირსეული გმირები, რომლებიც ცხოვრობენ ნამდვილ ციხეში, ქვეყანაში, სადაც საზღვრები გაუვალ კედლებს ჰგავს. მოქმედება ვითარდება თბილისში, ჭიათურასა და ბათუმში. ამ ქალაქებში მოგზაურობისას დავრწმუნდი, რომ 80-იანი წლების შემდეგ ეს ქალაქები ძალიან შეცვლილა. ნაწარმოების აქცენტები ხშირად მსუბუქად კომიკური ხასიათისაა. მხატვრული ნაწარმოების ამოცანა მხოლოდ ადამიანური ტრაგედიის წარმოჩენა არ არის, არამედ მისი გადაქცევა კომედიად.

სოტი ტრიანდაფილუ“.

გიორგი ჯანელიძე

მიმოწერის ორიგინალური ტექსტი ბერძნულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: https://nostal.ge/wp-content/uploads/2019/12/embassy.pdf.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close