fbpx
ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებასაბერძნეთი

ათენში საქართველოს შესახებ ბერძენი მწერლის მიერ დაწერილი რომანის პრეზენტაცია გაიმართა

20 ივლისს წიგნების მაღაზია „პლიადესმა“ ბერძენი მწერლის, სოტი ტრიანდაფილუს ახალი რომანის პრეზენტაციას უმასპინძლა. რომანში, რომლის სახელწოდებაა „ლუნა პარკი წმინდა მთაზე“, გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოა ასახული. სოფი ტრიანდაფილუს ეს რომანი საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილი ტეტრალოგიის მესამე ნაწილს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდნენ ათენის ქართული იმიგრაციის ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები – მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის საინტერესოა, როგორ უყურებენ ბერძნული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიას. არადა, როგორც აღმოჩნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით საჭირო იყო. თუ რატომ, ამას პრეზენტაციის რეპორტაჟის წაკითხვისას მიხვდებით.

პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია ბერძნულ საზოგადოებაში და მაღაზიის არცთუ ისე კომფორტული დარბაზი მთლიანად სავსე იყო.

ამჯერად წიგნის შინაარსის შესახებ ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ (ეს სამომავლოდ გადავდოთ), 300-გვერდიანი მხატვრული ნაშრომის წაკითხვასა და გააზრებას დრო სჭირდება. სამაგიეროდ, საინტერესო და არაერთგვანოვანი აღმოჩნდა თავად განხილვის პროცესი.

დავიწყებ შთაბეჭდილებებით, შემდეგ კი ფაქტებზე გადავიდეთ. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

მართალია, მწერალი შეეცადა საქართველოს შესახებ დადებითად ესაუბრა, მაგრამ ამ მცდელობას დარბაზის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მთავარი, რაც შევამჩნიე, იყო ის, რომ დამსწრეები იმდენად არა წიგნის შინაარსით, მაშასადამე 80-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პროცესებით, არამედ საკუთრივ მწერლის პერსონით, სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხზე მისი შეხედულებებით ინტერესდებოდნენ და შესაბამის კითხვებსაც სვამდნენ, საქართველს ხსენებაზე კი, უპირველესად, ქართველი კრიმინალები და შინამოსამსახურები გაახსენდათ. პირადად ჩემზე დამთრგუნველად იმოქმედა ერთი ღრმად მოხუცებული ქალბატონის გამოსვლამ, რომელიც დაჟინებით იმეორებდა, რომ საქართველო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რომ ეს სახელმწიფო განადგურებულია. იგი ამტკიცებდა, რომ იცნობს რამდენიმე ქართველ ქალს და კარგად იცის, იქ რა ხდება. თან ახლდა ქართველი მომვლელი, რომელიც ალბათ ეხმარება ქალბატონს საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღებაში. ყოველ შემთხვევაში, მას რაიმე განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამს და დუმილი არჩია.

მწერალს, როგორც თავად ამბობს, საქართველოს შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წიგნიდან შეუგროვებია. მართალია უმოგზაურია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ შეხვედრია იქაური ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლებს და, როგორც ჩანს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით შემოიფარგლა. ასეთი მიდგომის შედეგი კარგად ჩანს მის შეხედულებებში, რომლებიც პრეზენტაციის მსვლელობისას გამოთქვა.

წარმოგიდგენთ ორ ვიდეოს, რომელთა მეშვეობით უშუალოდ შეგიძლიათ მოისმინოთ ყველაფერი. პირველ ვიდეოში მწერალი ამბობს, რომ დაინტერესდა საქართველოთი, რამდენადაც იქ, ანტისოციალისტურის გარდა, რაც ბუნებრივია იმ ეპოქის საბჭოთა კავშირისთვის, არსებობდა ნაციონალისტური და ანტირუსული განწყობაც. სოტი ტრიანდაფილუს თქმით, არასწორია, თითქოს 1921 წელს ბოლშევიკები შეიჭრნენ საქართველოში და ქვეყანა დაიპყრეს. დღეს საქართველოს სკოლებში სწორედ ამას ასწავლიან, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ისტორიის გამარტივებული ვერსიაა, რომელსაც ნაციონალისტური საფუძველი აქვსო. იქვე მწერალი აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის გატაცების ცნობილმა ამბავმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, რის გამოც გადაწყვიტა ამ წიგნის დაწერა. საუბრობს იმ ეპოქაში როკმუსიკის, თავისუფლების იდეების და ამერიკის გავლენაზე ქართული საზოგადოების გარკვეული წრეებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე.

იხილეთ ვიდეო:

მეორე ვიდეოში იგი აღნიშნავს თბილისში ოკუპაციის მუზეუმის არსებობას, შემდეგ კი ამბობს, მთაწმინდაზე არსებობს ატრაქციონი „რუსული მთები“, რომელსაც მთელი მსოფლიო სწორედ ამ სახელწოდებით იცნობს, მაგრამ ქართველებმა, რომელთაც რუსული არაფერი მოსწონთ, ამ ატრაქციონს „ამერიკული მთები“ დაარქვესო. დარბაზი ამ განცხადებამ საკმაოდ გაამხიარულა – ცხადია, ქართველების ანტირუსული განწყობის აბსურდულობის გამოვლინებად მიიღეს. მწერალმა იქვე აღნიშნა, რომ ქართველებს განსაკუთრებით მოსწონთ ყველაფერი ფრანგული და პრეზიდენტიც კი ფრანგული წარმოშობის ჰყავთ.

მწერალს საქართველოში ყოფნისას შეუმჩნევია, რომ ქართული ახალგაზრდობა ძალიან პროგრესულია და მასში არ შეიმჩნევა საბჭოთა საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თვისებები. ამავე დროს, არ მოსწონს ის განვითარება, რაც ბათუმში დაინახა, კერძოდ კი, ცათამბჯენების რიგი, რომლებიც სანაპიროზე შენდება და ბათუმი მაიამისა და ლას-ვეგასს შეადარა.

საინტერესო იყო შემდეგი პასაჟი: მწერალი ამბობს, რომ ქართველებმა, ევროპასთან დაკავშირების მიზნით, მითოლოგიური პასაჟების გამოყენება დაიწყეს, თუმცა არ ესმის, რატომ უნდა იყოს ბათუმში მედეას ძეგლი, რამდენადაც, მისი თქმით, ამ ქალმა ხალხი დახოცა. იქვე თანაწამყვანმა ირონიით (და უცოდინარობით) აღნიშნა: „[მარტო] მედეა ჰყავთ და რა ქნან, მათი გმირია“.

საგულისხმოა ვიდეოს ბოლო პასაჟი, რომელშიც მწერალი ამბობს, რომ ქართული სამზარეულო არ მოეწონა, რასაც თანაწამყვანის საინტერესო პასაჟი მოჰყვა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ქართველი შინამოსამსახურე ჰყავს. მისი თქმით, ქალბატონი საშინელი მზარეულია, მაგრამ რუსების მოყვარული და სანკტ-პეტერბურგს ლენინგრადად მოიხსენიებს.

იხილეთ ვიდეო:

ტექსტის, ფოტოს და ვიდეოების ავტორი – გიორგი ჯანელიძე

p. s. სოფი ტრიანდაფილუს ამავე რომანის შემდეგი პრეზენტაცია 16 დეკემბერს გაიმართება სინდაღმაზე, საღამოს 7 საათზე, მაღაზია PUBLIC-ში.

ამავე თემაზე: გამოვიდა ბერძენი მწერლის რომანი გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს შესახებ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close