იტალიის პარლამენტი ვერ ასწრებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დადგენილ ვადაში განხილვას, ამიტომ მესამე მოსმენაზე უარს იტყვის. ამის თაობაზე Il SOLE 24 ORE იუწყება.
ბიუჯეტის პროექტი პალაცო მადამაში (იტალიის პარლამენტის სენატის სხდომების ადგილი რომში), პარლამენტის სენატში 2 ნოემბერს შევიდა, თუმცა მისი წევრები ჯერ კიდევ აგრძელებენ პროექტზე მუშაობას. დოკუმენტი სენატში 14 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს (მას 13-ში, პარასკევს დილით უყრიან კენჭს), შემდეგ წავიდეს დეპუტატთა პალატაში და საბოლოოდ შობამდე მოხდეს მისი დამტკიცება. რადგან დრო თითქმის აღარ დარჩა, აპირებენ აამოქმედონ შეკვეცილი პროცედურის სცენარი – ბიუჯეტის დამტკიცება მესამე მოსმენის გარეშე.
სტანდარტული პროცედურის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მინისტრთა კაბინეტი 15 ოქტომბერს ამტკიცებს და 20 ოქტომბერს პარლამენტს წარუდგენს (ქვედა, დეპუტატთა პალატას ან ზედა პალატას – სენატს, თუმცა ამ ვადას თითქმის არასდროს იცავენ და პროექტი პარლამენტში ნოემბრის დასაწყისში შედის ხოლმე).
ბიუჯეტის პროექტში შესწორებები შეაქვს ჯერ ერთ პალატას, შემდეგ მიდის მეორე პალატაში, რომელსაც, თავის მხრივ, ცვლილებები შეაქვს, შემდეგ ისევ ბრუნდება პირველ პალატაში (თითქმის ყოველთვის ნდობის მიღებისთვის), რომ საბოლოო ვარიანტი შობამდე, უკიდურეს შემთხვევაში, შობიდან და ახალ წლამდე შუალედში დაამტკიცონ.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის შეკვეცილი პროცედურა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების დროს გამოიყენება და ასეთი შემთხვევა იტალიის მეორე რესპუბლიკის (ჟურნალისტური ტერმინია) პერიოდში, ანუ 1994 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ სამჯერ მოხდა: 2010 წელს (ბერლუსკონის მთავრობის პოლიტიკური კრიზისის გამო), 2011 წელს (ფინანსური კრიზისის გამო) და 2016 წელს (4 დეკემბრის საკონსტიტუციო რეფერენდუმის გამო) – ამ წლებში ბიუჯეტის დამტკიცება მესამე მოსმენის პროცედურის გარეშე წარიმართა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები