საზოგადოებასაქართველო

პატრიარქი: უცხოეთში წასვლას ჯობია მიხედოთ თქვენს მამულს, ხელიდან გვეცლება მიწები

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ უცხოეთში წასვლას ჯობია, ქართველებმა საკუთარ მამულს მოუარონ, თორემ მას უცხოელები ეპატრონებიან.

„მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო“, – განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ  ქადაგებისას სოფლის გაძლიერებაზეც ისაუბრა და სთხოვა სამღვდელოებას, იყოს  სოფლის მეურნეობის განვითარების მაგალითი.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას“, – განაცხადა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ „როცა რამეს აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, რადგან მომავალში კიდევ გექნებათ სათხოვარი, კიდევ უნდა დაბრუნდეთ და მადლობა შესწიროთ უფალს“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close