სამი ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა იტალიის ჩრდილოეთში სახლის აფეთქების შედეგად (ვიდეო)

ფოტო: Dino Ferretti
სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა გასულ ღამეს იტალიის ჩრდილოეთში, კუარნენტოში (QUARGNENTO, ალესანდრიის პროვინცია), მიტოვებულ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის თაობაზე იტალიური მედია იუწყება ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ყველა დაღუპული მეხანძრე იყო, რომლებიც დაახლოებით ღამის 2 საათზე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად. მათი ასაკი 47, 38 და 32 წელია. დაიჭრა  კიდევ 2-მა მეხანძრე და ერთი კარაბინერი, რომლებიც აფეთქების დროს სახლის მახლობლად იმყოფებოდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები ამჟამად აფეთქების მიზეზის გარკვევას ცდილობენ. პირველადი ვერსიის თანახმად, შესაძლოა საუბარი იყოს საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვაზე და ხანძრის შედეგად აფეთქებაზე, თუმცა სხვა ვერსიაც გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია დანაშაული განზრახ იყოს ჩადენილი. „ანსას“ ინფორმაციით, ფერმერის სახლის ნანგრევებში იპოვეს ელექტროსადენები და პატარ ყუთი, რომელიც შესაძლოა ტაიმერი იყო.

„ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი“, – განაცხადა ალესანდრიის პროკურორმა ენრიკო სიერიმ ფერმერული სახლის ნანგრევების ადგილზე დათვალიერების შემდეგ. – „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადგილი აქვს წინასწარგანზრახულ დანაშაულს“.

გამომძიებლები, აგრეთვე, ხაზს უსვამენ, რომ არ არის საუბარი ტერორისტულ აქტზე.

„ძლიერ ტკივილს განვიცდი“, – განაცხადა შს მინისტრმა ლუჩანა ლამორჯეზემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. – „აუცილებელია დანაშაულის დინამიკის დადგენა, სამართალდამცველები მუშაობენ. დანაშაული გამოძიებული იქნება“.

კომენტარები