ევროპა ნოსტრას დაჯილდოებაზე მუცოს პროექტმა „საზოგადოების რჩეულის“ ნომინაციაში გაიმარჯვა!

ფოტო: სქრინშოთი ვიდეოდან
ამ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა „საზოგადოების რჩეულის“ პრიზი დაიმსახურა. მანამდე, ცერემონიის პირველ ნაწილში მუცოს რეაბილიტაციის პროექტს ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სცენაზე მიიწვიეს, საქართველოს მიულოცა ეს წარმატება: „მუცო საქართველოა და მუცო ევროპაა“, – თქვა ზურაბიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ყველას და, პირველ რიგში, მაყურებელს, რომელმაც აირჩია ეს მართლაც შესანიშნავი სოფელი. მან დამსწრე საზოგადოება მუცოში მოიწვია…

„მე მინდა აქ ვახსენო ერთი სახელი – ადამიანი, რომელიც ამ პროექტის ავტორია – ბატონი სოსო ბანძელაძე, რომელიც აღარ არის ჩვენთან, მაგრამ ის იყო ამ ოცნების ავტორი და ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს შატლეს თეატრში ეს პროექტი გაიმარჯვებდა მაყურებლის თვალში… რაც ნამდვილად არის დაბრუნება ევროპაში…“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ, როგორც პრეზიდენტის, მისი ვალია საქართველოს ევროპის წიაღში დაბრუნება და საქართველო თავისი კულტურით ევროპაში ბრუნდება.

დაჯილდოების ცერემონია პარიზში, ახლად რესტავრირებულ შატლეს თეატრში გაიმართა.

ცერემონიას 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოს დელეგაციის წევრებიც.

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან, საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ნინო ლურსმანაშვილი

იოსებ ბანძელაძე, არქიტექტორ-რესტავრატორი, „მუცოს“ პროექტის ავტორი
კომენტარები