საზოგადოებასაქართველო

ძაღლები ბობი და შაკო ყოველდღე მიდიან 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე (ფოტო)

ძაღლები ბობი და შაკო ყოველდღე მიდიან მათი პატრონის, 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე, რომელიც სექტემბერში ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ლუკა ფოფხაძის დედა ბელა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში წერს, ლუკას საფლავს მისი საყვარელი ძაღლები ყოველდღე აკითხავენ.

16 წლის ლუკა ფოფხაძე ქუთაისის საავადმყოფოში 40 დღე იბრძოდა გადარჩენისთვის. ამბროლაურში დასასვენებლად ჩასული ბიჭი, ნეიროტოქსიკოზის ნიშნებით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე შეაერთეს და ქუთაისის საავადმყოფოში გადასაყვანად რეანიმობილი გამოიძახეს. მანქანის მოსვლამდე კი ექიმებმა ბიჭის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაასტაბილურეს.

ამბროლაურს რეანიმობილი არ აქვს, შესაბამისად, მანქანა ლუკას ქუთაისში წასაყვანად ლენტეხიდან წავიდა და ამბროლაურში დაახლოებით ორი საათის შემდეგ ჩავიდა, თუმცა როგორც ბიჭის მამიდა ფატი ფოფხაძე (რომელიც თვითონაც სასწრაფოს ექიმია) „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, ნაქერალას უღელტეხილზე რეანომობილში დამონტაჟებული აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა, გამოილია ჟანგბადი და ბავშვს გული გაუჩერდა.

„შევატყვე, რომ აპარატურა არ იყო მწყობრში, ბალონები არ იყო ბოლომდე დატენილი. ბავშვს არ მიეწოდებოდა ჟანგბადი, მონიტორზე იყო არასწორი ციფრები, ამან გამოიწვია ბავშვის ფილტვ-გულის გაჩერება. ექიმ-რეანიმატოლოგმა, რომელიც ამბროლაურიდან გამოგვყვა მანქანით, გულის მასაჟის გაკეთება დაიწყო. ნაქერალადან ტყიბულში ჩასასვლელად 15 წუთი დაგვჭირდა. ამ დროის განმავლობაში ბავშვის ტვინი უჟანგბადოდ დარჩა და ბიჭი ტყიბულის საავადმყოფოში, ფაქტობრივად, მკვდარი მივიყვანეთ. ტყიბულში ბავშვს ელექტროშოკი გაუკეთეს და გული ამუშავდა“, – თქვა ფატი ფოფხაძემ. ტყიბულში ქუთაისიდან გამოიძახეს რეანიმობილი, რომელიც სამ საათში ჩავიდა ადგილზე.

16 წლის ბიჭი საბოლოოდ ქუთაისის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მოათავსეს, სადაც 41 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა კომაში მყოფი ლუკა 2 სექტემბერს გარდაიცვალა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close