სოფი ლორენის შვილი ქუთაისში ნინო სურგულაძის კონცერტს უდირიჟორებს

იმერეთი გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება.

„ეSპერსონასთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში ნინო სურგულაძის ფონდის ეგიდით კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ცნობილი მეცოსოპრანოს გარდა მსოფლიო ვარსკვლავებიც მიიღებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაძლოა სურგულაძის კონცერტს ცნობილმა დირიჟორმა, ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის შვილმა, კარლო პონტი უმცროსმა უდირიჟოროს.

კარლო პონტის თავისი სადირიჟორო კარიერის მანძილზე 30-მდე სიმფონიურ ორკესტრთან აქვს ნამუშევარი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, რომლებშიც შესულია კონცერტები მისი დირიჟორობით; იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ამერიკული რადიო და ტელეარხების მუსიკალურ გადაცემებშიც. კარლო პონტის მონაწილეობა აქვს მიღებული 11 სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალში და ამ პერიოდის განმავლობაში 5 საპატიო ჯილდო გადაეცა. ამჟამად კარლო პონტი აშშ-ში მოღვაწეობს.

შეგახსენებთ, რომ  კარლო პონტი უკვე იმყოფებოდა საქართველოში, – 2016 წელს მან თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორა. ამავე წელს მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფი ლორენი ეწვია თბილისს და ოპერისა და ბალეტის თეატრში  ფონდ „ნატვრის ხის“ ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში შეუერთდა.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. ფონდი პერიოდულად მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებს და შემოსული თანხით სოციალურად დაუცველი ბავშვების მკურნალობას აფინანსებს.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები