ისტორიამსოფლიოტექნოლოგიებიიტალიაკულტურა

ვეზუვის მიერ დანახშირებული უძველესი პაპირუსის გრაგნილები შესაძლოა მალე გაიშიფროს

ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გადაურჩეს პაპირუსის გრაგნილი ვულკანის ამოფრქვევას. კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა წავიკითხოთ ასეთი არტეფაქტი ფიზიკურად გაშლის გარეშე, 2000 წლის შემდეგ.

ჰერკულანუმის პაპირუსები 1800-ზე მეტ ტექსტს მოიცავს და წარმოადგენს ამ დრომდე აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანურ არტეფაქტებს, თუმცა მათი წაკითხვა ნამდვილ თავსატეხად იქცა.

ახ. წ. 79 წელს, როცა ვულკანი ვეზუვი ამოიფრქვა, ცხელი გაზისა და ფერფლის ზვავმა პაპირუსის გრაგნილები ქვანახშირის გორგლებად აქცია.

მეცნიერები გადარჩენილი გრაგნილების წაკითხვას ორასზე მეტი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადარჩენილი პაპირუსები პეპლის ფრთებივით მყიფე და მსხვრევადია, მცირე ქმედებაც კი გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს – გრაგნილს დაშლის ან მელანს გააქრობს.

წლების განმავლობაში გრაგნილების გაშლის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ გამოჩნდა ახალი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია ამ ტექსტების დაზიანების გარეშე წაკითხვა. ტექნოლოგია გულისხმობს მაღალი რეზოლუციის სკანერისა და მანქანური სწავლების ალგორითმის კომბინირებას, რაც დანახშირებულ ქაღალდებზე ხილულს გახდის ნახშირბადზე დაფუძნებულ მელანს; მისი ჩვენება რენტგენულ სხივებსაც არ შეუძლია.

ათწლეულების განმავლობაში მუშაობის შემდეგ უძველეს არტეფაქტთა სახელგანთქმული გამშიფრავი ბრენტ სილსი ფიქრობს, რომ ეს ორნაწილიანი მიდგომა საუკთესო შანსია მისი ჯგუფისთვის. ჰერკულანუმის პაპირუსების გაშიფვრა სილსის დიდი ხნის მიზანია. ის ახლა ორი ხელუხლებელი გრაგნილის სკანირებისთვის ემზადება. დიდ ბრიტანეთში ნაწილაკთა ამაჩქარებლით სკანირება ჩაუტარდება „საფრანგეთის ინსტიტუტის“ კუთვნილ ოთხ პატარა ფრაგმენტსაც.

Diamond-ის სახელით ცნობილი ეს მოწინავე სინქროტრონი მზეზე 100 მილიარდჯერ კაშკაშა სინათლის ნაკადებს ისვრის, რაც მკვლევართა ჯგუფს გრაგნილის მოძრაობისა და 360 გრადუსით ხილვის საშუალებას აძლევს.

სილსის განცხადებით, ისინი სულაც არ ელოდებიან, რომ სკანირებების შედეგად ტექსტს მაშინვე წაიკითხავენ, მაგრამ ეს მეთოდი ნამდვილად მიაწვდის მათ საკვანძო ნაწილებს ვიზუალიზაციისთვის.

ასეთი მაღალი რეზოლუციის მონაცემების მიღების შემდეგ, ჯგუფი მანქანური სწავლების ხელსაწყოს გამოიყენებს, რათა სკანირების კონტრასტი უფრო დაიხვეწოს. უკვე გაშლილი გრაგნილების ფოტოებით, პროგრამულმა უზრუნველყოფამ ისწავლა უძველეს პაპირუსებზე ნახშირბადის მელნის ცნობა – როგორ გამოავლინოს მისი ნიშნები პიქსელ-პიქსელ.

ყველაზე უკეთესი კი ისაა, რომ ახალი მეთოდის წარმატება უკვე დამტკიცდა მეტალზე დაფუძნებულ მელანზე, რომელიც უფრო იოლი გასაშიფრია. 2015 წელს სილსმა და მისმა ჯგუფმა ამ მეთოდით ფიზიკურად გახსნის გარეშე წაიკითხეს უძველესი ტექსტები.

თუკი ნახშირბადზე დაფუძნებული მელნის შემთხვევაშიც იგივე მოხერხდა, თანამედროვე მსოფლიოსთვის შეიძლება უცაბედად გაიხსნას დაკარგული ინფორმაციის მთელი ბიბლიოთეკა.

მომზადებულია diamond.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close