კრიმინალისაქართველო

ესპანეთში დაგეგმილი მკვლელობა – ეჭვმიტანილი პოლიციელები და დადეშელის ლიკვიდაციაში აღებული 12 000 დოლარი

ცნობილი გახდა, რომ რუსთავში მტკვრიდან გამორიყული მამაკაცის მკვლელობის საქმეში პოლიციის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებს, რომლებიც დავალებებს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან იღებდნენ.

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ სასტიკად ნაწამები 36 წლის მამაკაცის ცხედარი რუსთავში მტკვარმა გამორიყა. ზურა დადეშელს ცივი იარაღით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის, ყელის არეშიც.

მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია, თუმცა „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, დადეშელის მკვლელობის მთავარი მიზეზი მის მიერ ე. წ. „ქურდული ობშიაკის“ მითვისება იყო და მკვლელობა ესპანეთში დაიგეგმა.

ცხედრის აღმოჩენის შემდეგ ძალოვანმი უწყების თანამშრომლებმა 5 პირი დააკავეს, მათ შორის სამი პოლიციელია, მიხეილ ღუბიანური და დავით მიროტაძე მოქმედი თანამშრომლები არიან და დაკავებამდე რუსთავის პოლიციის მეორე განყოფილებაში მუშაობდნენ, დიმიტრი დუღაშვილი კი რამდენიმე თვის წინ სამსახურებრივი გადაცდომის გამო გაათავისუფლეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ესპანეთში დაგეგმილი მკვლელობის სქემის მიხედვით, პოლიციელებს დადეშელი მოტყუებით მანქანაში უნდა ჩაესვათ და რუსთავში კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებთან მიეყვანათ, სადაც მის ლიკვიდაციას მოახდენდნენ. წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამაში სოლიდური თანხა – 12 000 დოლარი აიღეს.

„კურიერის“ ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც სამართალდამცველებმა დადეშელი მიუყვანეს, გიორგი შონიაა, მას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. შონიასთან ერთად კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელსაც გამოძიება ამ დრომდე ეძებს და ის დაკავებული პოლიციელის, დურაშვილის სიძეა.

კიდევ ერთი დაკავებული, გიორგი გეთაშვილი, დადეშელის მეგობარია, სწორედ მასთან ჰქონდა ბოლო სატელეფონო კონტაქტი. ამ დროისთვის გეთაშვილი ცრუ ჩვენების მიცემისთვისაა დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, მას პირველ ჩვენებაში პოლიციელების მონაწილეობა არ ჰქონდა დაფიქსირებული.

კრიმინალურ სამყაროსთან კავშირზე არ საუბრობენ მოკლული ზურაბ დადეშელის ოჯახის წევრები და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. ცხედარი გუშინ გვიან ღამით პროზექტურიდან სურამში, დადეშელის სახლში გადაასვენეს.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, ზურაბ დადეშელმა იცოდა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ამიტომ იარაღი სულ თან ჰქონდა. ცხედრის პოვნისას სამართალდამცველებმა მისი კუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close