„დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!“ – ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვანთან (ვიდეო)

19 სექტემბერს მთელი საქართველო შეძრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულმა ბრიფინგმა, სადაც ცნობილი გახდა, რომ შს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა ქსელი, რომელიც არასრულწლოვანით ვაჭრობისა და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებით იყო დაკავებული.

ამ ამბავში ყველაზე შემზარავი ის გახლდათ, რომ დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვანების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-იდან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-იდან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბოცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი – მათგან ორი ცოლ-ქმარია.

დაკავებული ცოლ-ქმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ტიპის გადაღებებზე დაჰყავდა ბავშვი ქალს:

ვფიქრობდით, რომ ეს ჩვეულებრივი, სამოდელო სტუდიის გადაღება იყო. ფოტოებიც კი მაქვს ნანახი, სადაც არანაირი პორნოგრაფია არ ყოფილა, – გვითხრა დაკავებული მამაკაცის დედამ, რომელიც ფიქრობს, რომ მისი რძალი შეცდომაში შეიყვანეს და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი არაფერ შუაშია:

ბავშვის მამამ არაფერი იცოდა. ნამყოფიც კი არ არის იმ ადგილზე, სადაც გადაღებები იყო, – ამბობს ქალბატონი, რომელთან საუბარში მისი შვილიშვილიც ჩაგვერთო და გვთხოვა, მისგან გაგვეგო სიმართლე.

ის 12 წლისაა და ჩვენთვის მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მისი სურვილით და ბებიის თანხმობით ჩაიწერა, ჰყვება, რომ გადაღებების შინაარსის შესახებ მისმა მამამ არაფერი იცოდა.

ამბობს, რომ უღებდნენ როგორც ფოტოებს, ისე ვიდეოებს – ხან ჩაცმულს, ხან სრულიად შიშველს და ამ გადაღებებს ხშირად მისი დედაც ესწრებოდა:

დედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, – ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ეშინოდა.

გოგონა ამბობს, გადაღებებზე ბევრი არასრულწლოვანი დაჰყავდათ მშობლებს, რომელთა დიდ ნაწილს თავადაც კარგად იცნობდა:

თითქმის ყველა გორიდან იყო და ბევრს ვიცნობდი. ჩემი ახლობლები, მეგობრები იყვნენ, – ამბობს გოგონა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

რაც შეეხება დაკავებულებს – მათ მიერ  ჩადენილი დანაშაული 17-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

gurianews.com

კომენტარები