ეგვიპტის გენერალურმა პროკურორმა ნაბილ სადექმა ლუქსორში იტალიის ყოფილი საპატიო კონსულის, ლადისლავ ოტაკარ სკაკალის დაკავების ბრძანება გასცა. იტალიელ დიპლომატს 22 ათასი არტეფაქტის მოპარვასა და მათი საზღვარზე გადატანის მცდელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EGYPT TODAY ავრცელებს.
საუბარია არტეფაქტებზე, რომლებიც იტალიის ხელისუფლებამ ქალაქ სალერნოს პორტში შარშან აღმოაჩინა. გემი, რომელსაც დიპლომატიური ტვირთი გადაჰქონდა, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის პორტიდან იყო გამოსული.
2018 წლის ივლისში ეგვიპტის ხელისუფლებამ სიძველეები იტალიიდან დააბრუნა და საკუთარი გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ლადისლავ ოტაკარ სკაკალი ეგვიპტელთა ჯგუფს არქეოლოგიური არტეფაქტების იტალიაში გადატანაზე შეუთანხმდა. ეგვიპტელები, რომლებიც იტალიელ დიპლომატს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ, დაკავებულები არიან.
არტეფაქტების ნაწილი სამართალდამცველებმა ქაიროში, იტალიის საპატიო კონსულის სახლში და ერთ-ერთ ადგილობრივ კერძო ბანკში მის სახელზე გახსნილ სეიფშიც აღმოაჩინეს.
imedinews.ge
კომენტარები