ვენეციის კინოფესტივალზე ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა

ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“ საკონკურსო სექცია „ჰორიზონტში“ აჩვენეს. ამ სექციაში მთავარი პრიზის მოსაპოვებლად 20 ფილმი იბრძვის.

კინოფესტივალზე იმყოფება ფილმის მთავარი შემოქმედებითი გუნდი: რეჟისორი დიმიტრი მამულია, მსახიობი ნატალია ჯუღელი და ფილმის პროდიუსერი სულიკო წულუკიძე.

ამასთანავე, „ბოროტმოქმედი“ უკვე ნახა ფესტივალზე აკრედიტებულმა ათასობით ჟურალისტმა, რომლებიც ვენეციის კინოფესტივალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშუქებენ.

„ბოროტმოქმედში“ ნაჩვენებია ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელიც მაღაროში მუშაობს და, შემთხვევით, ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობას შეესწრება.

28 წლის გიორგი ყოველდღიურად თვალს ადევნებს მკვლელობის ძიებას და მის სატელევიზიო გაშუქებას, თუმცა ვერ ახერხებს დარეკოს პოლიციაში და ვერ ეკონტაქტება გარდაცვლილის ოჯახს. ყოველდღიურად ის უფრო და უფრო ეფლობა ამ კრიმინალურ ისტორიაში და საკუთარ თავს კარგავს.

„ბოროტმოქმედი“ Millimetr Film-ის წარმოებაა და შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. რეჟისორის თქმით, მას ჰქონდა სურვილი გადაეღო ისტორია კაცზე, რომელიც შემთხვევითობის შედეგად საკუთარ თავს კარგავს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი პეტრიაშვილი, მადონა ჩაჩხიანი და ნატალია ჯუღელი. მისი ქრონომეტრაჟუ 135 წუთია.

ბოლო წლებში, ვენეციის კინოფესტივალის ამავე სექციაში ნაჩვენები იყო ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“ და ქართულ-ფრანგულ-ბრიტანულ-გერმანული კოპროდუქცია „პრეზიდენტი“, რომელშიც მთავარ როლს მიშა გომიაშვილი ასრულებს.

ვენეციის კინოფესტივალის სხვა სექციაში კი რუსუდან ჭყონიას Keep Smiling-ის პრემიერა გაიმართა.

ვენეციის 76-ე საერთაშორისო ფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნა და დღეს, 7 სექტემბერს დაიხურება. გამარჯვებულებიც დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები