იტალიის ახალი ხელისუფლება საპენსიო ასაკის შემცირებაზე უარს არ იტყვის

იტალიის ახალი ხელისუფლება არ გააუქმებს წინა მთავრობის მიერ მიღებულ კანონს საპენსიო ასაკის შემცირების თაობაზე. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ რიკარდო ფრაკარომ პარასკევს, 6 სექტემბერს განაცხადა. ინფორმაციას AGNEZIA ITALIA ავრცელებს.

2019 წლის გაზაფხულზე, მატეო სალვინის „ლიგის“ ინიციატივით, იტალიაში საპენსიო ასაკი 67-იდან 62 წლამდე შემცირდა (38-წლიანი შრომითი სტაჟის შემთხვევაში – ე. წ. „კვოტა 100“).

თავის მხრივ, უფრო ადრე საპენსიო ასაკი ლიბერალური დემოკრატიული პარტიის ინიციატივით გაიზარდა (ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად). როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის 5 სექტემბრიდან დემოკრატიული პარტია ისევ ხელისუფლებაშია (კოალიციურ მთავრობაში „5 ვარსკვლავის მოძრაობასთან“ ერთად), თუმცა, როგორც ჩანს, არც დემოკრატები აპირებენ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას.

ორიოდე დღის წინ ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იტალიის რამდენიმე რეგიონისთვის ავტონომიური უფლებამოსილებების გაზრდას მხარს დაუჭერენ.

დღის წესრიგშია პარლამენტის წევრთა შემადგენლობის შემცირება, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის დროს დემოკრატიული პარტია ეწინააღმდეგებოდა. ეს ინიციატივა „5 ვარსკვლავის მოძრაობას“ ეკუთვნის და მის წინასაარჩევნო პროგრამაში შედიოდა. დემოკრატებს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დღეს არ დაუფიქსირებიათ, თუმცა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ „ლიგა“ მხარს დაუჭერს ამ საკითხს და, დემოკრატების პოზიციის მიუხედავად, ის მაინც გავა.

„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს პარლამენტის წევრების რაოდენობის 345-ით შემცირებას. ამჟამად იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატა (ქვედა პალატა) 630 წევრისგან შედგება, რეფორმის შემდეგ კი მათი რიცხვი 400 იქნება. რაც შეეხება სენატს (ზედა პალატა), ხალხის რჩეულთა რიცხვი 315-იდან 200-მდე შემცირდება; აგრეთვე, შემცირდება უვადო (სიცოცხლის ბოლომდე) სენატორების რაოდენობა, რომლებსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიშნავს – მაქსიმუმ 5 სენატორი. რეფორმის შედეგად, მთლიანობაში, იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში 345 წევრით ნაკლები იქნება.

კანონპროექტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მას სენატმაც (ზედა პალატა) დაუჭირა მხარი.

ახლა ჯერი დეპუტატთა პალატაზეა: თუ კანონპროექტს დეპუტატთა პალატა საბოლოო მოსმენით დაამტკიცებს, ის კანონად იქცევა და მომდევნო არჩევნებში იტალიელები პარლამენტში (ორივე პალატაში) 945-ის ნაცვლად 600 წევრს აირჩევენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები