იტალიაპოლიტიკა

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 345-ით მცირდება

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ყოველ შემთხვევაში, იმ იტალიელებისთვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა გაუმართლებლად დიდ თანხებს ხარჯავს დეპუტატთა ხელფასებსა და პენსიებზე. დეპუტატთა პალატამ 9 მაისს პირველი მოსმენით დაამტკიცა სენატის მიერ უარყოფილი საკონსტიტუციო კანონის პროექტი პარლამენტის წევრთა რიცხვის შემცირების შესახებ.

კანონპროექტს 310-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი (მათ შორის, ორივე სახელისუფლებო პარტიამ), 107 წინააღმდეგი იყო, 5-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. რადგანაც კანონი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებას მოითხოვს, მისი გზა ჯერ არ დასრულებულა – საბოლოო გადაწყვეტილება აგვისტოს დასაწყისში იქნება მიღებული, როდესაც პარლამენტის ორივე პალატაში მეორე მოსმენა გაიმართება (თუმცა კანონპროექტში ცვლილებები არ შევა – ან ამ სახით უნდა მიიღონ, ან საერთოდ უარყონ).

რას გულისხმობს საპარლამენტო რეფორმა?

„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს პარლამენტის წევრების რაოდენობის 345-ით შემცირებას. ამჟამად იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატა (ქვედა პალატა) 630 წევრისგან შედგება, რეფორმის შემდეგ კი მათი რიცხვი 400 იქნება. რაც შეეხება სენატს (ზედა პალატა), ხალხის რჩეულთა რიცხვი 315-იდან 200-მდე შემცირდება; აგრეთვე, შემცირდება უვადო (სიცოცხლის ბოლომდე) სენატორების რაოდენობა, რომლებსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიშნავს – მაქსიმუმი 5 სენატორი. რეფორმის შედეგად, მთლიანობაში, იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში 345 წევრით ნაკლები იქნება.

„აგვისტოში კანონს საბოლოოდ მივიღებთ. ჩვენ 1/3-ით შევამცირეთ პარლამენტართა რიცხვი. შემდეგ ჯერზე რომ წავალთ არჩევნებზე, 1000 დეპუტატის ნაცვლად 1/3-ით ნაკლებს ავირჩევთ და 500 მილიონს დავზოგავთ“, – განაცხადა „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა ლუიჯი დი მაიომ.

მეორე სახელისუფლებო პარტიაში, „ლიგაშიც“ ფიქრობენ, რომ პარლამენტართა რიცხვის შემცირება საღი აზრიდან გამომდინარეა, რამდენადაც „დიდი ბრიტანეთის შემდეგ იტალია ევროკავშირში მეორე ადგილზეა დეპუტატთა რიცხვით ერთ სულ მოსახლეზე“.

ახალი კანონი იმოქმედებს პარლამენტის პირველი დათხოვნისთანავე, თუმცა არაუადრეს 60 დღის შემდეგ კანონის ძალაში შესვლიდან.

სავარაუდოდ, ეს ყველაფერი გავლენას იქონიებს საარჩევნო სისტემაზე.

იტალიაში ეს პარლამენტართა რიცხვის შემცირების პირველი მცდელობა არ არის. 2012 წელსაც აპირებდა მმართველი კოალიცია დეპუტატთა პალატის წევრთა რაოდენობა ამჟამინდელი 630-იდან 508-მდე შეემცირებინა, მაგრამ კონსტიტუციაში ცვლილება არ მოხდა.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: www. ilsole24ore

იმავე თემაზე: იტალიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის შემცირებას აპირებს

პარლამენტის დეპუტატების ხელფასების ცხრილი ევროპის ქვეყნებში (პირველ სვეტში მოცემულია ერთი დეპუტატის საშუალო ხელფასი წლიურად, მეორე სვეტში – ერთი დეპუტატის საშულო ხელფასი თვეში):

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close