კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

რა სასჯელი ემუქრება ქალს, რომლის ჩვილიც თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს

16 აგვისტოს, გამთენიისას ოზურგეთში, თხილის ბაღში, პოლიციელებმა ახალშობილი იპოვეს. ახალშობილის ძებნა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს  ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რას ითვალისწინებს სასჯელი? „ბათუმელები“ ამ თემაზე ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილს ესაუბრა.

იურისტის განმარტებით, ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა 3-დან 7 წლამდე პატიმრობაა, მინიმალური – შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე.

„ეს მუხლი ნიშნავს მკვლელობის მცდელობას და განსხვავებით მკვლელობისაგან, შედარებით ნაკლები სანქცია აქვს ამ დანაშაულს, გარკვეული გარემოებების გამო. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გამოძიების მიერ გაირკვეს, რამდენად დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ახალშობილს ვერავინ იპოვიდა.

ასეთ დროს ხდება დედის ფსიქოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა გარემოებების გათვალისწინება და სწორედ ამის გათვალისწინებით არის ჩვეულებრივ მკვლელობასთან შედარებით გაცილებით ნაკლები სანქცია ამ დანაშაულისთვის.

სასამართლოს მხრიდანაც, როცა მოხდება სასჯელის შეფარდება, ბუნებრივია, იქაც იქნება გათვალისწინებული კონკრეტული გარემოებები, რაც არის დანაშაულის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი.

რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პატიმრობა, თუმცა კონკრეტული გარემოებებია ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელი, რა დამოკიდებულება აქვს დედას ამ დანაშაულის მიმართ და სხვა დეტალები, რაც გამოძიებით დადგინდება. შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება იქნება თუ არა გამოყენებული“, – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

რაც შეეხება ახალშობილს, იურისტის განმარტებით, მასზე სახელმწიფომ, სოციალური დაცვის სამსახურმა, უნდა იზრუნოს:

„ასეთ დროს სოციალური დაცვის სამსახური არის უფლებამოსილი, ბავშვზე იზრუნოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩამოართმევენ თუ არა დედას მშობლის უფლებას, ჰყავს თუ არა ბავშვს მამა და ა. შ. –  მეურვეობის საკითხებს უკვე დაარეგულირებს სოციალური სამსახური“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close