პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეეფარდა, თუმცა აცხადებს, რომ არ გადაიხდის

სასამართლოს 5-საათიანი სხდომის შემდეგ მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა – „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეეფარდა. გვარამიას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება გამოძიების ინფორმირების გარეშე.

როგორც ცნობილია, პროკურატურა 80 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

ნიკა გვარამიას მიმდინარე სასამართლოზე პროკურორმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორისთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნის საფუძველი განმარტა. მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მუშაობისას მან ხელფასის სახით 4 მილიონი ლარი აიღო. მიმდინარე წელს კი – 300 000 ლარზე მეტი. ასევე, ნიკა გვარამია თბილისში, ვაკეში საცხოვრებელ ფართს და აგარაკს ფლობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულს გირაოს ოდენობად უნდა განესაზღვროს 80 000 ლარი.

პროკურორის ინფორმაციით, გვარამიას საქართველოს საზღვარი 25-ჯერ აქვს გადაკვეთილი, მას საზღვარგარეთ სანაცნობო წრე ჰყავს და შესაძლოა, მიიმალოს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, იგი აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის. მოსამართლის განმარტებით, ეს თავად ნიკა გვარამიას უფლებაა. 40 000 ლარის გადასახდელად მას30-დღიანი ვადა აქვს.

გვარამიას თქმით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის შეზღუდვა მის გეგმებს უკავშირდება: იგი სასამართლო სხდომის დაწყების წინ აღნიშნავდა, რომ იმ ტელევიზიის ინვესტორები, რომელთა დახმარებითაც არხის გახსნას გეგმავს, საზღვარგარეთ იმყოფებიან და მათთან შეხვედრებს ვეღარ გამართავს. ასეთ ინვესტორთა შორის მან ზაზა ოქუაშვილი დაასახელა. გვარამიამ კომენტარი უკვე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგაც გააკეთა.

„პროკურატურას შეეშინდა რეალურად და გასაგები იყო, რომ უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო ითხოვეს. არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის. მე დავტოვე ორი გზა – ან პატიმრობა, ან თავისუფლება. ეს მოსამართლე, სამწუხაროდ, რას გადაწყვეტს, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის?! არანაირი. ვითომ მომცა შეღავათი, პატიმრობის მაგივრად, გირაო. არ მინდა ეგ შეღავათი, მაინც არ გადავიხდი, იმიტომ რომ ჯერ არ მაქვს ახლა არც ეს 40 ათასი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა.

გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, გენერალური დირექტორის მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც მას დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.

პროკურატურა ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა მიმართა – ნინო ნიჟარაძის უფლებადამცველმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 16 ივლისს შეიტანა. მისი განცხადებით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი ტელევიზიის ნაცვლად 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ“ მიიღო.

„რუსთავი2“-ის კონტრაქტორ „ინტერ მედიას“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები 2 აგვიტოს ჩატარდა.

გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. საუბარია 2013 წლიდან დღემდე შესრულებულ ტრანზაქციებზე.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close